თბილისი (GBC) – ტაილანდსა და კამბოჯას შორის შეიარაღებული შეტაკებების შედეგად, ბოლო მონაცემებით, 15 ადამიანია დაღუპული და 46 დაჭრილი. ამის შესახებ სააგენტო REUTERS ტაილანდის ჯანდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით წერს.

სამხედროების მონაცემებით, პარასკევს დილით კამბოჯის ძალებმა რეაქტიული ზალპური ცეცხლის სისტემები „გრად“ გამოიყენეს. მხარეებმა საქმეში ტანკებიც ჩართეს. ბრძოლა ორი ქვეყნის საზღვარზე გრძელდება.

გამოცემა Bangkok Post იუწყება, რომ საზღვრისპირა დასახლებებიდან 100 ათასზე მეტმა მოქალაქემ დატოვა საკუთარი სახლი. „ტაილანდის შინაგან საქმეთა სამინისტრო აცხადებს, რომ 100 ათასზე მეტი ადამიანი ოთხი პროვინციიდან გადაყვანილია დაახლოებით 300 დროებით განთავსების ადგილებზე“, – წერს გამოცემა.

თავის მხრივ, კამბოჯის მთავრობასთან არსებული განაღმვის სამმართველო ტაილანდს კასეტური საბრძოლო მასალის გამოყენებაში ადანაშაულებს.

ტაილანდისა და კამბოჯის საზღვარზე ვითარება 24 ივლისს უკიდურესად დაიძაბა. ამის მიზეზი საზღვრის ერთი მონაკვეთის ირგვლივ წარმოქმნილი დავა გახდა.