თბილისი (GBC) - ამერიკის შეერთებულმა შტატებმა და ევროპის კავშირმა 28 ივლისს სავაჭრო შეთანხმების ჩარჩოს მიაღწიეს. როგორც BBC წერს, შეთანხმებას დიდი მნიშვნელობა აქვს და მისი მეშვეობით მსოფლიოს ორ უდიდეს ეკონომიკურ პარტნიორს შორის რამდენიმეთვიანი ჩიხი დასრულდა.
შოტლანდიაში აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპსა და ევროკომისიის პრეზიდენტ ურსულა ფონ დერ ლაიენს შორის გამართული გადამწყვეტი მოლაპარაკებების შემდეგ, ორი მხარე შეთანხმდა, რომ აშშ ევროკავშირის ყველა საქონელზე 15%-იან ტარიფებს დააწესებს.
იქამდე ტრამპი აცხადებდა, რომ ევროკავშირს 30%-იან ტარიფებს დაუწესებდა.
"ვფიქრობ, ეს ყველაზე დიდი შეთანხმებაა", - უთხრა აშშ-ის პრეზიდენტმა ჟურნალისტებს და დაამატა, რომ ევროკავშირი გეგმავს $600 მლნ-ის მოცულობის ინვესტიციის ჩადებას აშშ-ში და ამერიკული ენერგორესურსებისა და სამხედრო პროდუქტების შესყიდვის "დრამატულ ზრდას". კერძოდ, ტრამპის ინფორმაციით, ევროკავშირი დათანხმდა მომდევნო წლებში აშშ-დან $750 მლნ-ის ღირებულების ენერგორესურსების იყიდოს.
ურსულა ფონ დერ ლაიენი შეთანხმების მიღებას პოზიტიურად აფასებს და აცხადებს, რომ ის სტაბილურობას მოუტანს ორივე მოკავშირეს, რომლებიც ერთად გლობალური ვაჭრობის თითქმის მესამედს შეადგენენ.