თბილისი (GBC) - ისრაელის მედია წერს, რომ ისრაელი ღაზის სექტორის ნაწილების ანექსიას დაიწყებს, თუ „ჰამასი“ კვლავ უარყოფს შუამავლების ძალისხმევას ღაზაში ცეცხლის შეწყვეტისა და მძევლების გათავისუფლების შეთანხმების მიღწევის საკითხში.

მედიის ცნობით, ისრაელი „ჰამასს“ მოლაპარაკებებს კიდევ ერთ შანსს მისცემს.

ისრაელის მედიის ინფორმაციით, დაუზუსტებელ მოხსენებაში ნათქვამია, რომ ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ წინადადება მინისტრების მცირე ჯგუფთან შეხვედრისას წარადგინა, რომლებმაც გადაწყვიტეს, ანექსირებული ტერიტორიების ადმინისტრირების სპეციალური ერთეულის შექმნა.

ამასთან, ნეთანიაჰუმ წარადგინა გეგმა, რათა ხელი შეუშალოს ფინანსთა მინისტრს, ბეზალელ სმოტრიჩს, მთავრობიდან გაიყვანოს მისი ულტრამემარჯვენე “რელიგიური სიონიზმის” პარტია.

23 ივლისს 100-ზე მეტმა ჰუმანიტარულმა და ადამიანის უფლებებზე მომუშავე ორგანიზაციამ საერთო განცხადებით მოუწოდა მთავრობებს, რომ მიიღონ ზომები ღაზაში მასობრივი შიმშილობის შესაჩერებლად. მათ შორის, ორგანიზაციები მოუწოდებენ, შეწყდეს ცეცხლი და ღაზაში თავისუფლად დაუშვან ჰუმანიტარული დახმარება.

ორგანიზაციები აცხადებენ, რომ ღაზის სექტორში შიმშილობა მძვინვარებს. არადა, ტონობით საკვები, სუფთა წყალი, სამედიცინო მარაგი და სხვა პირველადი საჭიროების ნივთები ხელუხლებელი რჩება ღაზის გარეთ იმის გამო, რომ ჰუმანიტარულ ორგანიზაციებს ეკრძალებათ მათზე წვდომა ან სექტორის მოსახლეობისთვის მიწოდება.

გასული კვირების განმავლობაში 800-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა საკვების მიწოდების მცდელობისას, ძირითადად ღაზის ჰუმანიტარული ფონდის სადისტრიბუციო ცენტრებთან განლაგებული ისრაელელი ჯარისკაცების სროლის შედეგად.

2023 წლის 7 ოქტომბერს ჰამასი თავს დაესხა ისრაელის სამხრეთს, იმსხვერპლა 1200 ადამიანი, 250-ზე მეტი მძევლად აიყვანეს.

ისრაელის მხრიდან საპასუხო ომის შედეგად ღაზის სექტორი - სადაც ორ მილიონზე მეტი პალესტინელი ცხოვრობს - დიდწილად ნანგრევებადაა გადაქცეული. ჰამასის მიერ მართული ანკლავის ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, დაღუპულია სულ მცირე 59 800 ადამიანი, მათი უმეტესობა სამოქალაქო პირია.

ღაზაში მცხოვრებ პირებს სულ მცირე ერთხელ მაინც მოუწიათ სახლ-კარის დატოვება ომის დაწყების შემდეგ, გაეროს სააგენტოები აცხადებენ, რომ მოსახლეობაში მზარდი შიმშილია.