თბილისი (GBC) - ჩინეთი აშშ-ის მიერ დაწესებულ ტარიფებთან დაკავშირებით საპასუხო ტარიფებს აწესებს. ამის შესახებ ინფორმაციას Reuters ავრცელებს.
სააგენტოს ინფორმაციით, ტრამპის მიერ დაწესებული დამატებითი 10%-იანი ტარიფები ჩინეთიდან აშშ-ში იმპორტირებულ ყველა საქონელზე 4 თებერვლიდან შევიდა ძალაში.
ჩინეთის მთავრობამ განაცხადა, რომ დააწესებს 15%-იან ტარიფებს ნახშირსა და თხევად ბუნებრივ აირზე, ასევე 10%-იან ტარიფებს ნედლ ნავთობზე, სასოფლო-სამეურნეო ტექნიკასა და გარკვეული ტიპის ავტომობილებზე.
როგორც Reuters წერს, ჩინეთის მიერ დაწესებული ტარიფები 10 თებერვლიდან ამოქმედდება.
ტრამპმა ანალოგიური გადაწყვეტილება მიიღო კანადისა და მექსიკის მიმართაც, თუმცა 3 თებერვალს, ამ ქვეყნების ლიდერებთან მოლაპარაკების შედეგად ახალი ტარიფების ამოქმედება 30 დღით შეაჩერა მას შემდეგ, რაც კანადის პრემიერ-მინისტრმა და მექსიკის პრეზიდენტმა დაადასტურეს მზადყოფნა საზღვრების დაცვის გასაძლიერებლად.
პრეზიდენტმა ტრამპმა ახალი ტარიფების შემოღების მიზეზებად დაასახელა შეერთებული შტატების საზღვრების დაცვის და ნარკოტიკების კონტრაბანდასთან ბრძოლის აუცილებლობა და სავაჭრო ბალანსის დეფიციტი.
ამასთან, აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი უახლოეს მომავალში ევროკავშირიდან იმპორტირებულ საქონელზე ტარიფების დაწესებასაც გეგმავს. ამის შესახებ BBC წერს.
„კონკრეტული გრაფიკი არ მაქვს, მაგრამ ეს საკმაოდ მალე მოხდება“, – აცხადებს ტრამპმა.
რესპუბლიკელი პრეზიდენტის თქმით, ევროკავშირი აშშ-ს „ბოროტად იყენებდა“. ტრამპის განცხადებით, აშშ-ის სავაჭრო დეფიციტმა ევროკავშირთან ურთიერთობაში 300 მილიარდ დოლარს მიაღწია.
ტრამპმა ასევე არ გამორიცხა, რომ ტარიფები, შესაძლოა, ბრიტანულ პროდუქციაზეც დაწესდეს, თუმცა აღნიშნა, რომ დიდ ბრიტანეთთან ამ საკითხზე, შესაძლოა, შეთანხმება შედგეს.