თბილისი (GBC) - ჩინეთმა წარმატებით გამოცადა რაკეტის დაბრუნების საექსპერიმენტო სისტემა, რომელიც საზღვაო პლატფორმაზე დამაგრებულ სპეციალურ ბადეს იყენებს, - იტყობინება სააგენტო Reuters ჩინეთის სახელმწიფო მედიაზე დაყრდნობით. პეკინი იმედოვნებს, რომ ამ ტექნოლოგიით მრავალჯერადი გამოყენების რაკეტების სფეროში აშშ-ის დომინირებას შეასუსტებს.
Reuters-ის ცნობით, რაკეტა Long March 10B სამხრეთ ჩინეთში მდებარე ჰაინანის კომერციული კოსმოდრომიდან აფრინდა. ძირითადი ამაჩქარებლისა (booster) და ზედა საფეხურის განცალკევებიდან დაახლოებით ექვს წუთში, ამაჩქარებელი ვერტიკალურად დაბრუნდა და ღია ზღვაში განთავსებულ პლატფორმაზე დაეშვა. ეს ტესტი ჩინეთისთვის ორბიტალური კლასის რაკეტის პირველი წარმატებული დაბრუნებაა. სიახლის ფონზე, ჩინური აეროკოსმოსური კომპანიების (China Spacesat და China Satellite Communications) აქციების ფასი ბირჟაზე მკვეთრად, ყოველდღიურ მაქსიმალურ ლიმიტამდე გაიზარდა.
ახალი ჩინური რაკეტა Long March 10B თავისი მახასიათებლებით ამერიკული SpaceX-ის Falcon 9-ს ჰგავს და დაბალ ორბიტაზე სულ მცირე 16 ტონა ტვირთის ატანა შეუძლია. თუმცა, Falcon 9-სგან განსხვავებით, რომელიც გასაშლელ საყრდენ ფეხებზე ჯდება, ჩინური მოდელი სპეციალურ „დასაჯდომ კაუჭებს“ იყენებს, რომლებითაც საზღვაო პლატფორმის ბადეს ეჭიდება.
როგორც სააგენტო აღნიშნავს, ჩინეთი თითქმის ათწლეულია მუშაობს ამ ტექნოლოგიაზე, რათა შეამციროს საკუთარი თანამგზავრების კოსმოსში გაშვების ხარჯები. გლობალური კონკურენციის ფონზე, ჩინეთის ხელისუფლებამ კერძო კოსმოსური ფირმებისთვის ბირჟაზე გასვლის (IPO) წესებიც კი შეამსუბუქა, რათა მათ ინვესტიციების მოზიდვა გაუადვილდეთ. Long March 10B-ის წარმატებული გამოცდა უმნიშვნელოვანეს მონაცემებს მიაწვდის ჩინეთის ფართომასშტაბიან მთვარის პროგრამას, რომელიც 2030 წლამდე პილოტირებულ მისიას ითვალისწინებს. ჩინეთი ამავე ამაჩქარებელი საფეხურის ხელახლა გამოყენებას მიმდინარე წლის ბოლომდე გეგმავს.
