თბილისი (GBC) – რუსეთის ვიცე-პრემიერმა ალექსანდრ ნოვაკმა 8 ივლისს განაცხადა, რომ ქვეყანა დიზელის ექსპორტს სრულად კრძალავს. ანალიტიკოსების შეფასებით, გადაწყვეტილება სომხეთისთვის ენერგოუსაფრთხოების კუთხით სერიოზულ გამოწვევას ქმნის, რადგან ქვეყანა დიზელს ძირითადად რუსეთიდან იღებდა, ბოლო დროს აზერბაიჯანის ტერიტორიის გავლით. 

უკრაინის მიერ რუსეთის ნავთობგადასამუშავებელ ქარხნებზე განხორციელებული იერიშების ფონზე მოსკოვმა ჯერ ბენზინის, ახლა კი დიზელის ექსპორტი შეზღუდა, რაც რუსეთის შიდა ბაზარზე საწვავის დეფიციტის აღმოფხვრის მცდელობას ნიშნავს.

სომხეთს რუსეთის ალტერნატივად ირანი და ევროპელი ან ახლო აღმოსავლელი მომწოდებლები ჰყავს, თუმცა სანქციების, ლოგისტიკური სირთულეებისა და მაღალი ფასების გამო ისინი რუსული მიწოდების სრულფასოვან ჩანაცვლებას ვერ შეძლებენ.

ანალიტიკოსების აზრით, ამ ვითარებაში აზერბაიჯანი სომხეთისთვის საწვავის მიწოდების ერთ-ერთ პერსპექტიულ მიმართულებად ყალიბდება. აზერბაიჯანული წყაროების ცნობით, 2025 წლის დეკემბრიდან აზერბაიჯანმა სომხეთში ბენზინისა და დიზელის ექსპორტი დაიწყო, რაც პრეზიდენტ ილჰამ ალიევის გადაწყვეტილების შემდეგ გახდა შესაძლებელი.

„აზერბაიჯანმა მოხსნა ყველა შეზღუდვა, რომელიც მის ტერიტორიაზე სომხეთის მიმართულებით ტვირთების ტრანზიტს ეხებოდა. ჩვენ ასევე დავიწყეთ სომხეთისთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანი საწვავის, ბენზინისა და დიზელის მიწოდება. დღევანდელ გეოპოლიტიკურ ვითარებაში ამას კიდევ უფრო დიდი მნიშვნელობა აქვს, ვიდრე ოდესმე“, – განაცხადა ილჰამ ალიევმა.

მიუხედავად იმისა, რომ აზერბაიჯანიდან მიწოდებული საწვავის მოცულობა ჯერ კიდევ მნიშვნელოვნად ჩამოუვარდება რუსეთის მიერ მიწოდების მაჩვენებლებს, ეს მიმართულება ამჟამად სომხეთისთვის ერთადერთი ვარიანტია, რომელიც აერთიანებს გეოგრაფიულ სიახლოვეს, შედარებით პროგნოზირებად მიწოდებასა და იმპორტის ზრდის პოტენციალს.