თბილისი (GBC) – თურქეთში მიმდინარე ნატოს სამიტის ფარგლებში დაახლოებით $50 მლრდ–ის ღირებულების თავდაცვითი შეთანხმებები გაფორმდა. ამის შესახებ თურქული გაზეთი Türkiye იუწყება.
გამოცემის ინფორმაციით, ხელშეკრულებები მოიცავს საჰაერო თავდაცვის სისტემების, უპილოტო საფრენი აპარატების შესყიდვას, ასევე შეიარაღებისა და სამხედრო ტექნიკის სფეროში ერთობლივ პროექტებს.
ნატოს გენერალურმა მდივანმა მარკ რუტემ მანამდე განაცხადა, რომ ალიანსის 20 ქვეყანა Drone Edge-ის ინიციატივაში ჩაერთვება, რომლის ფარგლებში მომდევნო ხუთი წლის განმავლობაში უპილოტო სისტემებისა და მათთან ბრძოლის საშუალებების განვითარებაში 40 მილიარდი დოლარის ინვესტირება იგეგმება.
მისივე თქმით, ანკარაში ნატოს სამიტის ფარგლებში ათობით მილიარდი დოლარის ღირებულების თავდაცვითი კონტრაქტები გაფორმდება.
ნატოს ორდღიან სამიტში ალიანსის 32 წევრი ქვეყნის ლიდერები მონაწილეობენ. დღეს ორგანიზაციის წევრი სახელმწიფოებისა და მთავრობების მეთაურების პლენარული სხდომა გაიმართება.
