თბილისი (GBC) - NATO-ს ყოველწლიური სამიტი, რომელიც ანკარაში გაიმართა, საერთაშორისო ანალიტიკურ წრეებში მკაცრი კრიტიკის საგანი გახდა. გამოცემა POLITICO-ში გამოქვეყნებულ სტატიაში NATO-ში აშშ-ის ყოფილი ელჩი და ჰარვარდის უნივერსიტეტის ბელფერის ცენტრის უფროსი მკვლევარი, ივო დაალდერი აღნიშნავს, რომ ჩრდილოატლანტიკური ალიანსის ლიდერების შეხვედრა თურქეთში ხელიდან გაშვებული შესაძლებლობა იყო, რადგან ვაშინგტონის არაპროგნოზირებადი პოლიტიკის ფონზე, ევროპულმა მხარემ ვერ შეძლო საკუთარი უსაფრთხოების ახალი საგზაო რუკის ჩამოყალიბება.
გამოცემის თანახმად, სამიტის შედეგად მიღებული ერთგვერდიანი „ანკარის დეკლარაცია“ მხოლოდ ფორმალურ, შაბლონურ ხასიათს ატარებდა. POLITICO ხაზს უსვამს, რომ მიუხედავად იმისა, რომ კულუარებში აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი მოკავშირეებს თავდაცვის ხარჯების ზრდის გამო აქებდა, მედიასთან მან NATO-ს წამყვანი წევრები (ბრიტანეთი, საფრანგეთი, გერმანია, ბელგია და ესპანეთი) მწვავედ გააკრიტიკა ირანის კონფლიქტში არასაკმარისი ჩართულობისა და სავაჭრო პოლიტიკის გამო.
სტატიაში აღნიშნულია, რომ NATO-ს გენერალური მდივნის, მარკ რუტეს უდიდესი ძალისხმევა, შეენარჩუნებინა ვაშინგტონის კეთილგანწყობა და სამიტს „მშვიდობიანად“ ჩაევლო - საბოლოოდ რეალური სტრატეგიული გადაწყვეტილებების მიღების ხარჯზე განხორციელდა.
განსხვავებით 2022 წლის მადრიდის, 2023 წლის ვილნიუსისა და 2025 წლის ჰააგის სამიტებისგან, სადაც რუსული საფრთხის საპასუხოდ უმნიშვნელოვანესი სამხედრო გეგმები და თავდაცვის ხარჯების მშპ-ის 5%-მდე გაზრდის ინიციატივები დამტკიცდა, ანკარის შეხვედრაზე ახალი დღის წესრიგი არ დასახულა.
POLITICO-ს მიმომხილველი მიიჩნევს, რომ ევროპულ ლიდერებს ტრამპის დაშოშმინებაზე ენერგიის ხარჯვის ნაცვლად, უნდა განესაზღვრათ გეგმა, თუ როგორ ჩაანაცვლებს ევროპა ამერიკულ საჰაერო, საზღვაო და სახმელეთო ძალებს, ასევე სადაზვერვო სისტემებს. ვინაიდან აშშ-მა ჯარების გაყვანის პროცესი უკვე დაიწყო, ევროპის წინაშე დგას ახალი რეალობა - ალიანსის მართვის სადავეები ეტაპობრივად საკუთარ თავზე აიღოს და ნაკლებად იყოს დამოკიდებული ვაშინგტონის პოლიტიკურ ციკლებზე.
