თბილისი (GBC) - უკრაინა აზერბაიჯანთან ორმხრივი სავაჭრო ბრუნვის ომამდელ ნიშნულამდე გაზრდასა და ენერგომატარებლების მიწოდების დივერსიფიკაციას გეგმავს. ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ანდრეი სიბიგამ აზერბაიჯანელ კოლეგასთან, ჯეიჰუნ ბაირამოვთან გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

უკრაინული მედიის ცნობით, მხარეებმა ორმხრივი ეკონომიკური, საინვესტიციო და ენერგეტიკული თანამშრომლობის გაღრმავების საკითხები განიხილეს.

„ჩვენ მიზნად დავისახეთ ომამდელი პერიოდის დონეზე გასვლა, თუ სავაჭრო ბრუნვაზე ვისაუბრებთ. ახლა დაახლოებით $600 მლნ-ის ნიშნულს მივაღწიეთ. უკრაინულ მხარეს აზერბაიჯანელი პარტნიორებისთვის აქვს წინადადებების პაკეტი და დაინტერესებულია ენერგომატარებლების მიწოდების დივერსიფიკაციით“, - აღნიშნა სიბიგამ.

მინისტრის თქმით, აზერბაიჯანის როლი ენერგეტიკული უსაფრთხოების კუთხით სტრატეგიულია არა მხოლოდ უკრაინისთვის, არამედ მთელი ევროპისთვის. ეკონომიკური კავშირების გაძლიერების მიზნით, მხარეები შეთანხმდნენ, რომ იმუშაონ უკრაინა-აზერბაიჯანის ორმხრივი მთავრობათაშორისი კომისიის მორიგი სხდომის ჩატარებაზე.

შეხვედრაზე განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო სატრანსპორტო-ლოგისტიკურ მარშრუტებსაც. სიბიგამ ხაზი გაუსვა „შუა დერეფნის“ (Middle Corridor) მნიშვნელობას, რომელიც ჩინეთს, ცენტრალურ აზიას, კასპიის ზღვას, აზერბაიჯანს, საქართველოსა და თურქეთს ევროპასთან აკავშირებს. უკრაინული მხარის შეფასებით, აღნიშნული სატრანზიტო მარშრუტი საკვანძო ელემენტია ევროკავშირთან, სამხრეთ კავკასიასა და ცენტრალურ აზიასთან ვაჭრობის გაფართოებისთვის.

აზერბაიჯანული ინვესტიციების მნიშვნელობაზე საუბრისას, უკრაინის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა აღნიშნა, რომ კიევი მიესალმება აზერბაიჯანული ბიზნესის წარმომადგენლობის შემდგომ ზრდასა და ერთობლივი პროექტების განხორციელებას. მან ასევე მადლიერება გამოხატა ოფიციალური ბაქოს მიერ უკრაინის ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერისა და გაწეული ჰუმანიტარული თუ ენერგეტიკული დახმარებისთვის.