თბილისი (GBC) – ესპანეთის ხელისუფლება ყოველწლიურად 300 000–მდე მიგრანტის ლეგალიზებას გეგმავს, რითაც ქვეყანაში მოსახლეობის დაბერების გამო წარმოქმნილი სამუშაო ძალის დეფიციტის შევსებას აპირებს. ამის შესახებ ქვეყნის სოცუზრუნველყოფისა და მიგრაციის მინისტრმა ელმა საისმა განაცხადა.

„ესპანეთმა უნდა აირჩიოს, ღია და აყვავებული ქვეყანა გახდეს, თუ დარჩეს ჩაკეტილ და ღარიბ ქვეყნად“, – ციტირებს მედია მინისტრის სიტყვებს.

მისი თქმით, მიგრანტების მოზიდვის პოლიტიკა სამი წლის განმავლობაში გაგრძელდება. მან დააზუსტა, რომ ესპანეთს წელიწადში 250–300 ათასი უცხოელი მუშახელი ესაჭიროება.

ხელისუფლების ეს ინიციატივა იმიგრანტებისთვის ესპანეთში ცხოვრებისა და მუშაობის უფლების მინიჭების გამარტივებას ითვალისწინებს. გარდა ამისა, ესპანეთში ჩასული სამუშაოს მაძიებლები შეძლებენ ვიზების 3–დან 12 თვემდე გახანგრძლივებას. სასწავლო ვიზით ჩასულ უცხოელებს კი უფლება მიეცემათ, კვირაში 30 საათის განმავლობაში იმუშაონ.