თბილისი (GBC) - ევროპელმა კანონმდებლებმა ბოლო ორი წლის განმავლობაში თამბაქოსა და ნიკოტინის ლობისტებთან ოთხჯერ მეტი შეხვედრა გამართეს, ვიდრე მთელი წინა საპარლამენტო ვადის განმავლობაში (2019-2024 წლები). ამის შესახებ გამოცემა POLITICO არასამთავრობო ორგანიზაციების კოალიციის, „Smoke Free Partnership“-ის მიერ ევროკავშირის გამჭვირვალობის რეესტრიდან მოპოვებულ მონაცემებზე დაყრდნობით წერს.
მონაცემების თანახმად, მას შემდეგ, რაც ახალმა ევროპარლამენტმა მუშაობა 2024 წლის ზაფხულში დაიწყო, დეკლარირებულია 400-ზე მეტი შეხვედრა, მაშინ როდესაც წინა ხუთწლიან ვადაში მათი რაოდენობა დაახლოებით 100-ს შეადგენდა.
POLITICO-ს ანალიზით, შეხვედრების 75% მემარჯვენე ევროპარლამენტარებთან გაიმართა, მათ შორის, ცენტრისტულ-მემარჯვენე „ევროპის ხალხთა პარტიის“ (EPP), „ევროპელ კონსერვატორთა და რეფორმისტთა“ (ECR) და „პატრიოტები ევროპისთვის“ ჯგუფების წარმომადგენლებთან. ლობირების მკვეთრი ზრდა უკავშირდება ევროკავშირის მიერ თამბაქოსა და ნიკოტინის შესახებ რამდენიმე საკვანძო საკანონმდებლო აქტის, მათ შორის საგადასახადო დირექტივისა და რეკლამის წესების, ძირეული გადასინჯვის მზადებას.
კომპანიებს შორის შეხვედრების რაოდენობით ლიდერობს Philip Morris International (PMI) - მასთან სულ მცირე 178 შეხვედრა გამოცხადდა. მეორე ადგილზეა British American Tobacco (BAT) 60 შეხვედრით. Transparency International EU-ს მონაცემებით, PMI მეოთხე ადგილზეა Meta-ს, Google-ისა და Apple-ის შემდეგ იმ კომპანიებს შორის, რომლებიც ყველაზე ხშირად ხვდებიან ევროპარლამენტარებსა და მათ თანაშემწეებს.
ლობისტური აქტივობის ზრდამ ევროპარლამენტარების ნაწილისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ორგანიზაციების პროტესტი გამოიწვია. „მწვანეთა“ წარმომადგენლის, ტილი მეცის განცხადებით, ჯანდაცვის საკითხებზე მუშაობისას თამბაქოს ინდუსტრიასთან რეგულარული შეხვედრები შეუთავსებელია. ოპონენტები მიუთითებენ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) თამბაქოს კონტროლის ჩარჩო კონვენციაზე (FCTC), რომელიც პოლიტიკის შემქმნელებს მოუწოდებს, შეზღუდონ ურთიერთობა ინდუსტრიასთან მხოლოდ იმ ჩარჩომდე, რაც მკაცრად აუცილებელია რეგულირებისთვის.
თავის მხრივ, თამბაქოს მწარმოებლები და ევროპარლამენტარები აცხადებენ, რომ მოქმედებენ წესების სრული დაცვით და გამჭვირვალედ. ინდუსტრიის წარმომადგენელთა არგუმენტით, ისინი გადადიან „ზიანის შემცირების“ სტრატეგიაზე, სთავაზობენ მომხმარებელს უკვამლო და ნიკოტინის ალტერნატიულ პროდუქტებს, ხოლო კანონმდებლებთან დიალოგი ეკონომიკური და რეგულატორული ასპექტების განხილვისთვის აუცილებელია.
