თბილისი (GBC) - გამომცემლობა Reuters წერს, რომ ევროპარლამენტმა რუსეთიდან და ბელარუსიდან იმპორტირებულ სასუქებსა და სოფლის მეურნეობის პროდუქციაზე 100%-მდე ტარიფების დაწესებას მხარი დაუჭირა

Reuters-ის ინფორმაციით, მომდევნო სამი წლის განმავლობაში რუსეთიდან და ბელარუსიდან ევროკავშირში იმპორტირებულ გარკვეული ტიპის სასუქებზე ტარიფები 6.5%-დან დაახლოებით 100%-მდე გაიზრდება, რაც ფაქტობრივად იმპორტის შეჩერებას გამოიწვევს.

ასევე, სოფლის მეურნეობის პროდუქციაზე დამატებით 50%-ის ოდენობის საბაჟო გადასახადი დაწესდება.

იმისთვის, რომ რეგულაცია საბოლოოდ შევიდეს ძალაში, ის ევროსაბჭომ უნდა მიიღოს და ოფიციალურ კრებულში უნდა გამოქვეყნდეს. ამის შემდეგ, რუსულ და ბელორუსულ აგროპროდუქტზე ტარიფები 4 კვირაში ამოქმედდება.

ევროკომისიის განცხადებით, დაწესებული ტარიფები შიდა წარმოებას ხელს შეუწყობს.

რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა დმიტრი პესკოვმა მოსკოვში დღეს, 22 მაისს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ „ევროპელები, როგორც ყოველთვის, განაგრძობენ თავის ფეხებში სროლას“ და შედეგად მოუწევთ უხარისხო აზოტის სასუქების უფრო ძვირად შეძენა".

ევროკავშირმა რუსეთთან სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობები 2022 წლის 24 თებერვალს უკრაინაში რუსეთის არმიის ფართომასშტაბიანი შეჭრის შემდეგ შეზღუდა.