თბილისი (GBC) - უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ მკაცრად დაგმო ბუდაპეშტში „ოშჩადბანკის“ ინკასატორების დაკავება და განაცხადა, რომ უკრაინის შეიარაღებულ ძალებს ვიქტორ ორბანის კოორდინატებს გადასცემს. „უკრაინის შეიარაღებულ ძალებს ორბანის მისამართს მივცემთ, დაე დაურეკონ და ელაპარაკონ თავისივე ენაზე“, - განაცხადა ზელენსკიმ მას შემდეგ, რაც ცნობილი გახდა უნგრეთის ხელისუფლების მიერ 75 მილიონი დოლარის ღირებულების ფასეულობების ამოღებისა და ბანკის თანამშრომლების დაკავების შესახებ.
უკრაინის ეროვნული ბანკი უნგრეთისგან მოითხოვს დაუყოვნებლივ გაათავისუფლონ „ოშჩადბანკის“ თანამშრომლები, რომლებიც უნგრეთის ტერიტორიაზე უკანონოდ ჰყავთ დაკავებული. ცენტრალური ბანკის განცხადებით, ისინი ითხოვენ არა მხოლოდ მოქალაქეების გათავისუფლებას, არამედ ოფიციალურ განმარტებას და ინფორმაციას საინკასაციო ავტომობილებისა და ტვირთის ადგილსამყოფლის შესახებ.
ინციდენტი 5 მარტს, ბუდაპეშტში მოხდა. უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის ანდრეი სიბიგას განცხადებით, უნგრეთის ხელისუფლებამ მძევლად აიყვანა უკრაინის შვიდი მოქალაქე და მიითვისა დიდი ოდენობით ფულადი სახსრები.
„ოშჩადბანკის“ ინფორმაციით, ინკასაციის ორი ბრიგადა ასრულებდა საერთაშორისო ხელშეკრულებას ავსტრიულ „რაიფაიზენ ბანკთან“ (Raiffeisen Bank).
ორ გატაცებულ ავტომობილში იდო:
- 40 მილიონი აშშ დოლარი
- 35 მილიონი ევრო
- 9 კგ ოქრო
მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, უნგრეთის სპეცსამსახურებმა საინკასაციო მანქანები საკუთარი ანტიტერორისტული ცენტრის დახურულ ტერიტორიაზე გადამალეს. კიევი მომხდარს საერთაშორისო სამართლის უხეშ დარღვევად და ყაჩაღობად აფასებს.