თბილისი (GBC) – სომხეთის პრემიერ–მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა „ყარაბაღში შექმნილ ვითარებასთან დაკავშირებით“ უშიშროების საბჭოს სხდომა მოიწვია.

ამის შესახებ ინფორმაციას სომხური მედია ავრცელებს.

მანამდე სომხურმა მხარეს კატეგორიულად უარყო აზერბაიჯანული მხარის მიერ გავრცელებული ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, რომ აზერბაიჯანის არმიამ ანტიტერორისტული ოპერაციის ფარგლებში ყარაბაღში სომხეთის შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფები, პირადი შემადგენლობა და საბრძოლო ტექნიკა გაანადგურა. „სომხეთის რესპუბლიკას ყარაბაღში შეიარაღებული ძალები არ ჰყავს“, – აცხადებენ ერევანში.

აზერბაიჯანმა ყარაბაღში ანტიტერორისტული ოპერაცია დღეს, 19 სექტემბერს დაიწყო. საბრძოლო მოქმედებებში აქტიურად იყენებენ არტილერიას.