თბილისი (GBC) – The New York Times-ის ცნობით, გლობალურ ბაზარზე ელექტრომობილებზე მოთხოვნა არ აკმაყოფილებს ავტომწარმოებლების პროგნოზს და Ford ერთ-ერთი პირველი კომპანიაა, რომელიც ელექტრომობილების წარმოებას შიგაწვის ძრავიანი (ICE) მანქანების სასარგებლოდ ამცირებს.

მიუხედავად იმისა, რომ კომპანია ჯერ კიდევ გეგმავს ელექტრომობილების წარმოებას, Ford Motor Company-მ გამოაცხადა, რომ ოკვილის ქარხანაში, კანადაში, ელექტროსპორტული მანქანების ნაცვლად ბენზინზე მომუშავე პიკაპებს ააწყობს. ეს ამბავი მალევე გავრცელდა მას შემდეგ, რაც General Motors-მა გამოაცხადა, რომ 2024 წელს ელექტრომობილების წარმოების პროგნოზს 50 000 ერთეულით ამცირებს.

ამ ეტაპზე ჩანს, რომ ორივე ტრადიციული ავტომწარმოებელი, ბაზრის კონიუნქტურიდან გამომდინარე, ცდილობს თავიდან აირიდოს ელექტრომობილების ჭარბწარმოება.

„პანდემიის შემდეგ, ელექტრომობილების ირგვლივ უზარმაზარი აურზაური იყო და ვფიქრობ, ბევრი მწარმოებელი ფიქრობდა, რომ ზრდა გაგრძელდებოდა“, – განუცხადა Times-ს არუნ კუმარმა, AlixPartners-ის პარტნიორმა და მმართველმა დირექტორმა.

Times-ის თანახმად, 2024 წლის პირველ კვარტალში 269 000 ელექტრომობილი გაიყიდა – ეს იყო 7.3%-იანი კლება 2023 წლის ბოლო კვარტალთან შედარებით, თუმცა აქ ისიც გასათვალისწინებელია, რომ მეოთხე კვარტალი ისტორიულად მაღალი გაყიდვების პერიოდია ყველა მიმართულებით.

ელექტრომობილებზე მოთხოვნა მოსალოდნელზე უფრო ნელი ტემპით იზრდებოდა და ამას ექსპერტები ნაწილობრივ მაღალ საპროცენტო განაკვეთებს, ეკონომიკურ გაურკვევლობასა და მომხმარებლისთვის ჰიბრიდების უპირატესობას უკავშირებენ, წერს სააგენტო Reuters.