თბილისი (GBC) – გერმანიის ხელისუფლება გვალვის შედეგად მდინარეებში წყლის უკიდურესად დაბალი დონის გამო მიწოდების ჯაჭვების შეფერხების თავიდან ასაცილებლად საგანგებო ეკონომიკურ ზომებს აამოქმედებს.

გერმანული მედიის ინფორმაციით, ამის შესახებ ქვეყნის ტრანსპორტის მინისტრმა შტეფენ ბილგერმა განაცხადა.

მისი თქმით, ზომები კომპანიებს დაეხმარება, შეინარჩუნონ მიწოდების ჯაჭვები ქვეყნის მთავარ სანაოსნო არტერიებზე – რაინზე, დუნაისა და ელბაზე, სადაც წყლის დონე კრიტიკულად დაბალია.

„ამინდზე გავლენას ვერ მოვახდენთ, თუმცა შეგვიძლია უზრუნველვყოთ, რომ ეკონომიკამ ეს რთული კვირები მაქსიმალურად ნაკლები დანაკარგით გადაიტანოს“, — განაცხადა ბილგერმა.

მინისტრის თქმით, მთავრობა ასევე განიხილავს დროებითი გამონაკლისების დაწესებას კვირაობითა და უქმე დღეებში სატვირთო ავტომობილების მოძრაობის აკრძალვაზე იმ ტვირთებისთვის, რომლებზეც შექმნილმა ვითარებამ ყველაზე მეტად იმოქმედა.

მისივე ინფორმაციით, ამ საკითხზე უკვე გაიმართა კონსულტაციები გერმანიის 16 ფედერალური მიწის ტრანსპორტის მინისტრებთან და, მისი შეფასებით, ყველა მათგანი მზად არის საჭიროების შემთხვევაში დროებით შეაჩეროს შესაბამისი შეზღუდვები.