თბილისი (GBC) - ავტომწარმოებელი Volkswagen Group უმძიმესი გამოწვევების წინაშე დგას, რის გამოც კომპანიის საკონტროლო პაკეტის მფლობელმა პორშე/პიეხის (Porsche/Piëch) მილიარდერმა ოჯახებმა მენეჯმენტს მკაცრი გაფრთხილება მისცეს. მათი განცხადებით, კომპანიამ სასწრაფოდ უნდა დაიწყოს ხარჯების შემცირება და რეფორმების გატარება, წინააღმდეგ შემთხვევაში ბაზარზე პოზიციებს საბოლოოდ დაკარგავს, იუწყება Reuters. 

გერმანული ავტოკონცერნი ერთდროულად ორ დიდ პრობლემას ებრძვის - ჩინური ელექტრომობილების მწარმოებლების მხრიდან მზარდ კონკურენციასა და შემცირებულ მოგებას.

ჰოლდინგ Porsche SE-ს (რომელიც VW-ის აქციების უდიდეს ნაწილს აკონტროლებს) დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარემ ჰანს დიტერ პეჩმა (Hans Dieter Pötsch) აღნიშნა, რომ Volkswagen Group ისტორიულ გზაგასაყარზეა და გადაწყვეტილებების მიღების ყოველი დაგვიანებული დღე კომპანიის პრობლემებს უფრო ზრდის. თავის მხრივ, Porsche SE-ს ფინანსურმა დირექტორმა იოჰანეს ლატვაინმა (Johannes Lattwein) მენეჯმენტს მოუწოდა, შეამციროს ზედმეტი წარმოება, მკვეთრად შეკვეცოს ხარჯები და მართვის სისტემა უფრო ეფექტიანი გახადოს.

მფლობელების ასეთი მკაცრი პოზიცია კომპანიის ფინანსური შედეგების გაუარესებამ განაპირობა. Porsche SE-ს ოფიციალური ანგარიშის მიხედვით, მათი ნახევარი წლის კორექტირებული მოგება გადასახადების შემდეგ 14.5%-ით შემცირდა და 949 მლნ ევრო ($1.1 მლრდ) შეადგინა.

Porsche SE არის ინვესტიციური ჰოლდინგი, რომელსაც პორშე/პიეხის დინასტია ფლობს. ის Volkswagen-ის აქციების 31.9%-ს აკონტროლებს (ხმის უფლების 53.3%-ს), ხოლო სპორტული ავტომობილების მწარმოებელ Porsche AG-ში 12.5%-იან წილს ფლობს. შესაბამისად, ოჯახის ეს მოწოდება მენეჯმენტისთვის პრაქტიკულად სავალდებულო დირექტივას წარმოადგენს.