თბილისი (GBC) – უკრაინის ეროვნული ანტიკორუფციული ბიუროს უფროსის პირველი მოადგილე გიზო უგლავა თანამდებობიდან სკანდალის ფონზე გაათავისუფლეს, რომელიც ერთ–ერთ საქმეზე ინფორმაციის შესაძლო გაჟონვას უკავშირდება. ამის შესახებ ანტიკორუფციული ბიურო ტელეგრამ არხზე წერს.

„ბიუროს დირექტორმა მიიღო გადაწყვეტილება, დისციპლინარული სასჯელი გამოიყენოს მისი პირველი მოადგილის მიმართ და თანამდებობიდან გაათავისუფლოს , დისციპლინარული დანაშაულის ჩადენის გამო – სახელმწიფო მოხელის მიერ ფიცის გატეხა, მოსამსახურის ეთიკური ქცევის ნორმების დარღვევა, უკრაინის „სახელმწიფო მოხელის“ შესახებ კანონის დარღვევა, უკრაინის ეროვნული ანტიკორუფციული ბიუროს თანამშრომლის ეთიკის კოდექსის დარღვევა“, – ნათქვამია ბიუროს ტელეგრამ არხზე.

გამოძიებამ დაადგინა, რომ უგლავა ბიუროს იმ თანამშრომლის დისკრედიტაციას ცდილობდა, რომელმაც განცხადება გააკეთა საიდუმლო ინფორმაციის გაჟონვასთან დაკავშირებით.

მანამდე ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ უკრაინამ 2020 წლის სექტემბრიდან 2021 წლის თებერვლამდე პერიოდში 450 მლნ გრივნა დაკარგა უკრაინის რკინიგზის კორუფციული სქემის რეალიზაციის შედეგად. კორუფციული სქემით მოსარგებლეთა შორის გიზო უგლავაც სახელდებოდა.