თბილისი (GBC) - მსოფლიო ყურძნის ვაჭრობა ამჟამად სტაგნაციაშია. მიუხედავად ამისა, გლობალური ყურძნის ვაჭრობა უაღრესად კონკურენტუნარიანია, ამის შესახებ EasrFruit წერს. სადაც ვკითხულობთ, რომ პერუ დღეს სუფრის ყურძნის ყველაზე დიდი მიმწოდებელია ბაზარზე. 2023 წელს მან აჯობა დიდი ხნის ლიდერს, ჩილეს. საშუალოდ, პერუს ყურძნის ექსპორტი ყოველწლიურად იზრდება 14,3%-ით ანუ 66000 ტონით, ხოლო ჩილეს ექსპორტი ყოველწლიურად 6,6%-ით ან 40000 ტონით მცირდება.
EasrFruit-ის ცნობით, 2023 წელს ჩინეთმა მნიშვნელოვანი ნახტომი განიცადა, ორი პოზიციით აიწია და ახალი სუფრის ყურძნის სიდიდით მესამე ექსპორტიორი გახდა, შესაბამისად იტალია და სამხრეთ აფრიკა მესამე და მეოთხე ადგილებიდან დააქვეითა. ჩინეთი ექსპორტს 7,4%-ით ანუ 28 000 ტონით ზრდის წელიწადში, ხოლო იტალიის ექსპორტი ყოველწლიურად 10 000 ტონით მცირდება.
კიდევ ერთი თვალსაჩინო ტენდენციაა ინდოეთიდან ყურძნის ექსპორტის მუდმივი ზრდა, რომელიც ყოველწლიურად შთამბეჭდავი 10.2%-ით იზრდება. ამ ზრდამ ინდოეთს საშუალება მისცა 2023 წლის ბოლოსთვის მსოფლიო ექსპორტიორთა რეიტინგში მერვე ადგილზე ასულიყო, რითაც შეცვალა შეერთებული შტატები, რომელიც ამ პროდუქტის ექსპორტს ყოველწლიურად 10%-ით ამცირებს.
EasrFruit ასევე საუბრობს თურქეთზე და წერს, რომ თურქეთმა, რომელიც უმსხვილეს მიმწოდებელთა ათეულს ხურავს, 2023 წელს მკვეთრად შეამცირა ექსპორტი. მთლიანობაში, თურქეთის სუფრის ყურძნის ექსპორტი სტაგნაციის ნიშნებს აჩვენებს და ქვეყანას სასწრაფოდ სჭირდება ძველი ჯიშების შეცვლა და პროდუქციის ხარისხის გაუმჯობესება, რათა უფრო კონკურენტუნარიანი გახდეს ბაზარზე.
ტოპ 20-ში მექსიკა გამოირჩევა ექსპორტის საშუალო წლიური ვარდნით – 21%-ით, რომელიც პერუსთანაა კონკურენციაში. იმავდროულად, ბრაზილიის ყურძნის ექსპორტი ყოველწლიურად იზრდება 10,6%-ით, ხოლო მოლდოვის – 6%-ით.
მოლდოვა გლობალურ რეიტინგში მე-18 ადგილზე ავიდა, ხოლო უზბეკეთი, რომელიც 2022 წელს ათეულში იყო, 2023 წელს მე-20 ადგილზე ჩამოვარდა. ეს მკვეთრი ვარდნა განპირობებული იყო აზიაში დაფიქსირებული ძლიერი ყინვით, რამაც უზბეკეთში ვენახების მასობრივი დაზიანება და განადგურება გამოიწვია.
EasrFruit-ის სტატიაში საუბარი არაა საქართველოზე, თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ საქსტატის მონაცემებით, 2024 წლის მე-2 კვარტალში, ახალი ყურძნის ექსპორტი 2023 წლის მე-2 კვარტალთან შედარებით, 27%-ით შემცირდა და $11 ათასი შეადგინა. 2023 წლის მე-2 კვარტალში ქვეყნიდან გავიდა $40 ათასის ახალი ყურძენი, ხოლო მიმდინარე წლის ანალოგიურ პერიოდში დაახლოებით $29 ათასი.