თბილისი (GBC) – გრაფიკული პროცესორების მწარმოებელი Nvidia–ს აქციების ფასმა სამშაბათის ვაჭრობებზე ახალი რეკორდი დაამყარა – ზრდამ 3% შეადგინა, რის შედეგადაც კომპანიის საბაზრო კაპიტალიზაციამ $4,5 ტრილიონს გადააჭარბა. ამის შესახებ Nasdaq-ის მონაცემებზე დაყრდნობით წერს დასავლური მედია.

ბოლო ერთი წლის განმავლობაში კომპანიის აქციები 39%–ით არის გაძვირებული და დღესაც იზიდავს ინვესტორებს. ამერიკული კომპანია სულ უფრო მეტ კონტრაქტებს აფორმებს, ხელოვნური ინტელექტის ბუმის ფონზე.

გასულ კვირაში ცნობილი გახდა, რომ Nvidia $100 მლრდ–ის ინვესტირებას გეგმავს OpenAI-ში.

გარდა ამისა, Nvidia $5 მლრდ–ს ჩადებს Intel–ში.

1993 წელს დაფუძნებული Nvidia ამერიკული მაღალტექნოლოგიური კომპანიაა, რომელიც გრაფიკულ პროცესორებსა და სხვა ჩიპებს აწარმოებს. მისი შტაბ–ბინა კალიფორნიის შტატში, ქალაქ სანტა–კლარაში მდებარეობს. კომპანიის პროდუქცია ფართოდაა გავრცელებული ხელოვნური ინტელექტის, ვიდეოთამაშების და მანქანათმშენებლობის ინდუსტრიებში.