თბილისი (GBC) – რუსეთის სამხედრო ეკონომიკაზე გადაყვანა „უკიდურესად არაგონივრული“ იქნება და შესაძლოა ქვეყნის ეკონომიკური სისტემის „სრული ჩამოშლა“ და ეკონომიკური ვარდნა გამოიწვიოს. ამის შესახებ რუსეთის ყოფილმა ფინანსთა მინისტრმა მიხაილ ზადორნოვმა RBC-სთან ინტერვიუში განაცხადა.

ზადორნოვი რუსეთის ფინანსთა მინისტრი 1998 წლის დეფოლტის პერიოდში იყო. 2023 წლამდე ის ბანკ «Открытие»-ს ხელმძღვანელობდა, მანამდე კი VTB-ის საცალო მიმართულების შვილობილ კომპანიას მართავდა.

ზადორნოვის შეფასებით, სამხედრო, ანუ მილიტარიზებული ეკონომიკის შექმნის იდეა „სუფთა წყლის ფანტაზიაა“ და მისი პრაქტიკაში განხორციელება შეუძლებელი იქნება.

„სამხედრო ეკონომიკა მოქმედი სისტემის სრული გადატრიალებაა. ამისთვის საჭიროა საკუთარი ინსტიტუტები და თამაშის განსხვავებული წესები, რომლებიც ათობით და ასობით საკანონმდებლო აქტში უნდა იყოს გაწერილი. ყველა დონეზე საჭიროა ამ წესებში მომზადებული კადრები და იძულების მექანიზმებიც – მათ გარეშე სამხედრო ეკონომიკა ვერ იარსებებს“, – განაცხადა მან.

ზადორნოვის თქმით, სამხედრო ეკონომიკის შემოღება ერთ დღეში შეუძლებელია და ასეთი სისტემა წლების განმავლობაში იქმნება.

ამასთან, რუსეთისა და ევრაზიის საკითხებში IISS-ის უფროსი მკვლევრის, ნაიჯელ გუდ-დევისის შეფასებით, თუ რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი უკრაინის სრულად დამორჩილების მიზნიდან უკან არ დაიხევს, სამხედრო ეკონომიკაზე გადასვლა და მობილიზაცია კრემლის პოლიტიკის ლოგიკური გაგრძელება გახდება. მისი შეფასებები The Moscow Times-ს მოჰყავს.

„ადრე თუ გვიან, პუტინს მოუწევს ან მკვეთრად გაზარდოს თავისი მოთხოვნები ეკონომიკისა და საზოგადოების მიმართ, ან შეამციროს სამხედრო გეგმები“, – აცხადებს გუდ-დევისი.

მისი შეფასებით, სამხედრო ეკონომიკა შეიძლება მოიცავდეს სახელმწიფოს მიერ თითქმის ყველა ეკონომიკურ პროცესზე კონტროლის დამყარებას, ასევე მუშახელის იძულებით მიმაგრებას თავდაცვის საწარმოებზე.

წყაროები: RBC, The Moscow Times.