თბილისი (GBC) – რუსეთმა სომხეთს სარკინიგზო ინფრასტრუქტურის აღდგენის საკითხზე მოლაპარაკებებისთვის მზადყოფნა დაუდასტურა. საუბარია იმ მონაკვეთებზე, რომლებიც სომხეთის ტერიტორიაზე თურქეთისა და აზერბაიჯანის საზღვრებისკენ მიდის. ამის შესახებ სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა არარატ მირზოიანმა საზოგადოებრივ მაუწყებელთან ინტერვიუში განაცხადა.
„ორი-სამი დღის წინ მივიღე სიგნალები, რომ ისინი (რუსული მხარე) მზად არიან, განიხილონ დეტალები – ვინ და რამდენის ინვესტირება უნდა მოახდინოს და ასე შემდეგ“, – განაცხადა მირზოიანმა.
მინისტრის თქმით, პროექტის განხორციელება მნიშვნელოვნად იქნება დამოკიდებული მის პირობებზე და საკითხი ჯერ შესაბამისმა უწყებებმა უნდა განიხილონ.
სომხეთის რკინიგზის ინფრასტრუქტურა 2008 წელს რუსეთის სახელმწიფო კომპანია „რუსეთის რკინიგზის“ შვილობილ კომპანია „სამხრეთ კავკასიის რკინიგზას“ 30-წლიანი კონცესიით გადაეცა. შეთანხმება კონცესიის დამატებით 10 წლით გაგრძელების შესაძლებლობასაც ითვალისწინებს.
რუსეთის კონცესიის გადახედვის საკითხი სომხეთის მიერ აზერბაიჯანისა და თურქეთის საზღვრების მიმართულებით სარკინიგზო მონაკვეთების აღდგენის გეგმების ფონზე გააქტიურდა. სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა მაისში განაცხადა, რომ ხელისუფლება მზად არის შესაბამისი ინფრასტრუქტურის რეკონსტრუქცია საკუთარი სახსრებით განახორციელოს.
ფაშინიანმა მოსკოვს ასევე შესთავაზა, განეხილა კონცესიის მესამე მეგობარი ქვეყნისთვის გადაცემის შესაძლებლობა, თუმცა რუსეთის ტრანსპორტის მინისტრმა ანდრეი ნიკიტინმა მოგვიანებით განაცხადა, რომ ასეთი საკითხი არ განიხილება.
რა სარკინიგზო კავშირები აქვს სომხეთს დღეს?
სომხეთს მოქმედი საერთაშორისო სარკინიგზო კავშირი დღეს მხოლოდ საქართველოსთან აქვს. 2026 წლის ზაფხულში განახლდა ერევანი–თბილისი–ბათუმის საერთაშორისო სამგზავრო რეისი, რომელიც 14 ივნისიდან ყოველ მეორე დღეს მოძრაობს და ეს მარშრუტი 1 ოქტომბრამდე იმუშავებს.
ირანთან პირდაპირი მოქმედი სარკინიგზო კავშირი სომხეთს ამჟამად არ აქვს. ირანთან სარკინიგზო ხაზის მშენებლობა წლებია განიხილება, თუმცა სომხეთის სამხრეთიდან ირანის საზღვრამდე მოქმედი რკინიგზა ჯერ არ არსებობს. სომხეთ-ირანის არსებული სარკინიგზო მარშრუტის ისტორიული მონაკვეთი ნახჭევანის გავლით გადის, მაგრამ აზერბაიჯანის ტერიტორიის გავლით კავშირი ამჟამად დახურულია.
ასევე არ არსებობს მოქმედი პირდაპირი სარკინიგზო მიმოსვლა თურქეთთან და აზერბაიჯანთან. სწორედ ამ კავშირების აღდგენა წარმოადგენს სომხეთის მიმდინარე სატრანსპორტო გეგმების ერთ-ერთ მნიშვნელოვან ნაწილს.
თუ სომხეთ-თურქეთისა და სომხეთ-აზერბაიჯანის სარკინიგზო მონაკვეთები აღდგა, ქვეყანა შეძლებს სარკინიგზო ქსელის საშუალებით პირდაპირ დაუკავშირდეს როგორც თურქეთის, ისე აზერბაიჯანის სატრანსპორტო დერეფნებს. ამასთან, საქართველოს მიმართულება უკვე მოქმედი მარშრუტია და 2026 წელს ორ ქვეყანას შორის საერთაშორისო სამგზავრო სარკინიგზო მიმოსვლაც მიმდინარეობს.
