თბილისი (GBC) – ეტალონური მარკების ნავთობის ფასი ბარელზე თითქმის $3–ით დავარდა ორშაბათს მას შემდეგ, რაც ახლო აღმოსავლეთში გეოპოლიტიკური დაძაბულობა შესუსტდა: უქმეებზე ისრაელის მიერ ირანზე განხორციელებული საპასუხო დარტყმები არ შეხებია ნავთობისა და ბირთვულ ობიექტებს.
ინფორმაციის გამოქვეყნების მომენტისთვის Brent-ის მარკის ნავთობის ფასი ლონდონის ბირჟაზე 4,28%–ით არის გაიაფებული – $72,39–მდე ბარელზე.
ამერიკული მსუბუქი ნავთობის ფასი კი 4,54%–ით არის დაწეული და ბარელის ფასი $68,51–ს შეადგენს.
შაბათს დილით ისრაელის ათობით ავიაგამანადგურებელმა ირანის სამხედრო ობიექტებზე იერიშების სამი სერია მიიტანა. დაიბომბა რაკეტების საწვავის საწარმოები თეირანთან და ქვეყნის დასავლეთ ნაწილში.
ანალიტიკოსების თქმით, გეოპოლიტიკური რისკების პრემია, რომელიც ნავთობის ფასში ისრაელის საპასუხო იერიშამდე იყო გათვალისწინებული, განეიტრალდა.