თბილისი (GBC) – ჩრდილოეთ ისრაელის მიმართულებით დღეს ლიბანიდან დაახლოებით 100 რაკეტა გაუშვეს. ამის შესახებ Ynet წერს.
ამ ფონზე ირანის უმაღლესმა ლიდერმა ალი ხამენეიმ განაცხადა, რომ კონფლიქტები მხოლოდ მას შემდეგ დასრულდება, რაც რეგიონიდან აშშ და ევროპის ქვეყნები გავლენ.
„რეგიონის პრობლემების საფუძველი აშშ–ისა და ევროპის ზოგიერთი ქვეყნის ყოფნაშია, რომლებიც ცრუ განცხადებებს აკეთებენ მშვიდობის შესახებ... თუ ისინი რეგიონზე თავის მავნებლობას შეამცირებენ, ეჭვგარეშეა, რომ ომი შეწყდება“, – განაცხადა ხამენეიმ ისრაელზე წუხელ მიტანილი სარაკეტო იერიშის შემდეგ პირველი საჯარო გამოსვლისას.
მანამდე, ოთხშაბათს დილით, „ჰეზბოლა“ ლიბანის საზღვრისპირა ქალაქ ელ–ადისაში ისრაელის არმიის ქვედანაყოფებთან შეტაკებების შესახებ აცხადებდა.
„ისლამური წინააღმდეგობის მებრძოლები ოთხშაბათს გამთენიისას ისრაელის ქვეითთა რაზმთან ბრძოლაში ჩაებნენ“, – ნათქვამია მოძრაობის განცხადებაში.
მანამდე ირანმა განაცხადა, რომ ქვეყნის საჰაერო სივრცეში 3 ოქტომბრის დილამდე ყველა ავიარეისი გაუქმდა. ამის შესახებ ქვეყნის სამოქალაქო ავიაციის ორგანიზაციის ოფიციალურმა წარმომადგენელმა განაცხადა.
გადაწყვეტილება ფრენების უსაფრთხოებას ემსახურება, წერს სააგენტო Tasnim, რომელიც უწყების განცხადებას ციტირებს. შეზღუდვა ხუთშაბათის დილის 5:00 საათამდე იქნება ძალაში.
გუშინ, პირველ ოქტომბერს ირანმა ისრაელზე 180 რაკეტით მიიტანა იერიში.