თბილისი (GBC) – კრიპტო ბირჟა Gemini კლიენტებს შემოსავლებს აღარ უხდის. ტყუპი ძმების ტაილერ და კემერონ უინკლვოსების ბირჟამ ოთხშაბათს, 16 ნოემბერს განაცხადა საშემოსავლო პროგრამის მონაწილე კლიენტებისთვის შემოსავლების გადახდის დროებით შეჩერების შესახებ. 

პლატფორმამ ასეთი გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც მისმა მთავარმა პარტნიორმა შემოსავლების გადახდის მიმართულებით – კრიპტოკრედიტორმა Genesis Global – ლიკვიდობის კრიზისის გამო თავისი პლატფორმიდან ფულის მოხსნა შეაჩერა. თავის მხრივ, კრედიტორის ეს გადაწყვეტილება სებ ბენკმან–ფრიდის FTX–ის კრახმა განაპირობა, წერს სააგენტო Bloomberg კომპანიების განცხადებებზე დაყრდნობით.

ამასობაში, კრიპტობაზარზე ხუთშაბათის ვაჭრობები წითელ ზონაში მიმდინარეობს და კაპიტალიზაციით პირველი ათეულის კრიპტოვალუტები დღე–ღამურ დანაკარგებს ითვლიან.

ბიტკოინი ხუთშაბათს, თბილისის დროით 12:00 საათისთვის, დღე–ღამეში 1,18%–ს კარგავს და მისი ფასი $16 629–ს შეადგენს. მთავარი კრიპტოვალუტის საბაზრო კაპიტალიზაცია ამ დროისთვის $318,74 მლრდ–ს შეადგენს.

კიდევ უფრო მეტს – 3,09%–ს კარგავს ნომერი ორი კრიპტოვალუტა ეთერიუმი და ამ დროისთვის $1 207 ღირს. კაპიტალიზაცია კი $147,34 მლრდ–ს უტოლდება.