თბილისი (GBC) – 2022–ის შედეგები რუსეთისთვის – რუსეთი ეკონომიკურ სუვერენიტეტს კარგავს. რესურსების უმსხვილესი ექსპორტიორი ქვეყანა დღეს უკვე ვეღარ წყვეტს, ვის, რა და რა ფასად მიჰყიდოს. 2023 წელს ექსპორტის ვარდნის გამო სახელმწიფო ხაზინის დეფიციტი არა 2,9 ტრლნ რუბლი, არამედ 16% იქნება. ეს საშინელი „ხვრელია“, რომელიც სახელმწიფო ვალის მკვეთრ ზრდას გამოიწვევს.
ეკონომიკურ მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი იგორ ლეპსიცი რუსულ გამოცემა „ნოვაია იზვესტიასთან“ ინტერვიუში რუსეთის საექსპორტო დანაკარგების მასშტაბებს აფასებს. იგი ბუნდოვანს უწოდებს ჩინეთთან გაზის სფეროში დამეგობრებას, ვინაიდან სი ძინპინი ყველაფერზე თავს აქნევს, მაგრამ ფულს არ იხდის. პროფესორი განმარტავს, თუ როგორ „ყიდის“ უკვე რუსეთი მომავალი წლების ბიუჯეტებს. მისი აზრით, რუსეთის ხელისუფლებას შეიძლება პენსიონერებისთვის მოუწიოს ფულის წართმევა, ხოლო მოსახლეობამ პირდაპირ გადაიხადოს სახელმწიფო ვალები, როგორც ეს საბჭოთა კავშირში მოხდა.
მანამდე, რუსეთის ვიცე–პრემიერმა ალეკსანდრ ნოვაკმა განაცხადა, რომ ნავთობს არ დააკონტრაქტებენ ფასების ზედა ზღვრით, რომელიც დასავლეთმა დაუწესა რუსეთს. თუმცა, რუსი მენავთობეები ანონიმურად აცხადებენ, რომ მთავრობის ასეთი პასუხი დასავლეთისადმი „სუბიექტური და ემოციურია. ერთი კაცის გადაწყვეტილებაა“. რუსეთში ასეთი განცხადებები მანამდე არასოდეს გაჟღერებულა.
მენავთობეებს პროფესორიც ეთანხმება და ამბობს, რომ მთავრობის განცხადება ნამდვილად ემოციური, პოლიტიკური, დემონსტრაციულ–პროპაგანდისტულია და არა რაციონალურ–ეკონომიკური.
მისი თქმით, თუ ნავთობის ექსპორტი არ მოხდება, უნდა გაჩერდეს მოპოვებაც. ეს კი ნიშნავს, რომ მომავალში დალუქული საბადოების ექსპლუატაციაში გაშვება თითქმის შეუძლებელია. ეს უდიდეს პრობლემებთან და ხარჯებთანაა დაკავშირებული. მენავთობეებმა იციან, რომ საბადოს დალუქვა საჭიროებს თანამედროვე ტექნოლოგიებით ბეტონის საკმაოდ ღრმად ჩასხმას. ამას კი შესაბამისი აღჭურვილობაც სჭირდება, რაც რუსეთს არ გააჩნია. რომც დაილუქოს საბადოები, შემდეგ მათი თავიდან გაბურღვა გახდება საჭირო, რაც კოლოსალურ დანახარჯებთანაა დაკავშირებული.
პროფესორი ამბობს, რომ უკვე რეალურად იკვეთება იმის საფრთხე, რომ რუსი მენავთობეები ჯერ ექსპორტის მოცულობას დაკარგავენ, შემდეგ მოგებას და ბოლოს ზარალზე გავლენ.