თბილისი (GBC) – ეკონომიკის მინისტრმა მარიამ ქვრივიშვილმა სამშაბათს განაცხადა, რომ ანაკლიის ღრმაწყლოვან პორტში სამშენებლო სამუშაოები უკვე აქტიურ ფაზაშია და არსებული გეგმით, პორტი პირველ გემს 2029 წელს მიიღებს. 

მინისტრის განმარტებით, პროექტს, რომელიც ქვეყნისთვის ფუნდამენტურად მნიშვნელოვანია, საქართველოს მთავრობა ახორციელებს. ამ ეტაპზე პორტში დაღრმავებისა და ტალღმჭრელის ინფრასტრუქტურის მოწყობა მიმდინარეობს.

„ჩვენ გვაქვს გაცხადებული პოლიტიკა, რომ 2029 წელს მივიღოთ პირველი გემი ანაკლიის ღრმაწყლოვან პორტში. ამისთვის მნიშვნელოვანია, რომ სისტემურად განვაგრძოთ ჩვენი სატრანსპორტო და ლოგისტიკური ინფრასტრუქტურის განვითარება - იქნება ეს საპორტო, სარკინიგზო თუ საგზაო მიმართულება. საქართველომ პარტნიორი ქვეყნებისთვის უნდა უზრუნველყოს ისეთი სერვისის მიწოდება, რომელიც მას აზიასა და ევროპას შორის მიწოდების ჯაჭვში მთავარ დამაკავშირებელ რგოლად აქცევს“, - აღნიშნა მარიამ ქვრივიშვილმა.

სატრანზიტო პოტენციალის გაძლიერების კონტექსტში, მინისტრმა კიდევ ერთ მსხვილ ინფრასტრუქტურულ პროექტზე გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ უახლოეს წლებში „საქართველოს რკინიგზის“ მოდერნიზაციისთვის მილიარდ ლარზე მეტი ინვესტიცია განხორციელდება.

აღნიშნული ფინანსური რესურსი სარკინიგზო ინფრასტრუქტურის გამტარუნარიანობის გაზრდას მოხმარდება, რაც პირდაპირ აისახება ქვეყანაზე გამავალი ტვირთნაკადების მოცულობაზე. ქვრივიშვილის განცხადებით, სახელმწიფოს მხრიდან გადადგმული ეს ნაბიჯები კიდევ უფრო გაამყარებს საქართველოს, როგორც რეგიონული სატრანსპორტო-ლოგისტიკური ჰაბის პოზიციონირებას.