თბილისი (GBC) – მსოფლიო ბაზრებზე ნავთობის ფასების კლება 4%–მდე დაჩქარდა და Brent-ის მარკის ნავთობის ღირებულება, პირველად 3 მარტის შემდეგ ,ბარელზე 80 დოლარს ჩამოსცდა.

ვაჭრობის მონაცემების მიხედვით, Brent-ის მარკის ნავთობის აგვისტოს ფიუჩერსების ფასი, წინა სესიის დახურვის მაჩვენებელთან შედარებით, 3.82%-ით შემცირდა და ბარელზე $79.99 შეადგინა.

ამავე დროს, WTI-ის მარკის ნავთობის ივლისის ფიუჩერსები 3.79%-ით გაიაფდა და ბარელზე $77.69–მდე დაეცა.

ნავთობის ფასების მკვეთრი ვარდნა უკავშირდება ახლო აღმოსავლეთში გეოპოლიტიკური რისკების შემცირების მოლოდინს. ბაზრის მონაწილეები ყურადღებით აკვირდებიან ირანსა და აშშ-ს შორის შეთანხმების შესაძლებლობას, რაც რეგიონში დაძაბულობის შესუსტებისა და ენერგომატარებლების მიწოდების სტაბილიზაციის პერსპექტივას აჩენს.