თბილისი (GBC) – აშშ–ის სენატმა სკოტ ბესენტი, მილიარდერი ინვესტორი უოლ-სტრიტიდან, ფინანსთა მინისტრის თანამდებობაზე დაამტკიცა. CBS News–ის ცნობით, კანდიდატურა 68 ხმით 29–ის წინააღმდეგ დამტკიცდა და იგი პირველი გაცხადებული გეი გახდა ტრამპის ადმინისტრაციის მინისტრთა კაბინეტში.
ბესენტი კომიტეტისადმი მიმართვაში აცხადებს, რომ იგი სამხრეთ კაროლინის სამხრეთ ნაწილში დაიბადა და გაიზარდა, სადაც მის ოჯახს ფინანსური პრობლემები ჰქონდა და რომ პირველად მუშაობა მან 9 წლის ასაკში დაიწყო. შემდეგ მან იელის უნივერსიტეტში ჩააბარა და ფინანსების სფეროში დაიწყო მუშაობა. მას და მის ქმარს, ნიუ–იორკის ყოფილ პროკურორს ჯონ ფრიმენს ორი შვილი ჰყავთ.
„ბესენტს აკადემიური, პროფესიონალური და ლიდერობის ათეულობით წლების გამოცდილება აქვს, რაც ამ თანამდებობას შეეფერება, ასევე ავტორიტეტი, ქცევის მანერები და ხასიათი, რაც მას ეფექტიან მდივნობაში დაეხმარება. ეჭვგარეშეა, რომ ბესენტი ფინანსთა მინისტრის თანამდებობაზე შესანიშნავი არჩევანია“, – თქვა სენატორმა მაიკ კრაპოს, საფინანსო კომიტეტის წარმომადგენელმა.
მილიარდერი, Soros Fund Management–ის ყოფილი ხელმძღვანელი, დონალდ ტრამპს წინასაარჩევნო კამპანიის პერიოდში კონსულტაციებს უწევდა ეკონომიკურ საკითხებში და ბოლო წლებში აქტიურად უჭერდა მხარს დონალდ ტრამპის პოლიტიკას – დაწყებული ტარიფებიდან, ხარჯების შემცირებით დამთავრებული.
ფინანსთა მინისტრის თანამდებობაზე ბესენტი კურირებას გაუწევს დეპარტამენტს, რომელიც ქვეყნის ფინანსებს მართავს და ასევე აშშ–ის საგადასახადო სამსახურს.