თბილისი (GBC) - უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ვაშინგტონში ვიზიტს იწყებს. როგორც POLITICO წერს, უკრაინის ლიდერი ცდილობს, აშშ-ის რესპუბლიკური პარტიის მემარჯვენე, „ამერიკა უპირველეს ყოვლისა“ (MAGA) ფრთასთან კავშირები გააღრმაოს და დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის მხარდაჭერა განამტკიცოს.

გამოცემის ინფორმაციით, ზელენსკის საკითხების სიაში, რომელთა განხილვასაც ტრამპთან გეგმავს, პრიორიტეტები შემდეგნაირად არის გადანაწილებული: სანქციები, დრონების შეთანხმება, Patriot-ის სისტემები და სამშვიდობო მოლაპარაკებები.

უკრაინის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი აშშ-ის კონგრესში იმ საკანონმდებლო ინიციატივის გატანაა, რომელსაც ახლა ოფიციალურად „ლინდსი ო. გრემის სანქციების აქტი რუსეთის წინააღმდეგ“ ჰქვია. კანონპროექტი ითვალისწინებს ახალი სანქციების დაწესებას მოსკოვსა და მის მხარდამჭერებზე, მათ შორის, შესაძლოა, ტარიფების დაწესებას რუსული ენერგომატარებლების უმსხვილეს მყიდველებზე. სენატში პირველი პროცედურული კენჭისყრა კვირის განმავლობაში იგეგმება.

POLITICO აღნიშნავს, რომ უკრაინის ბოლო დროინდელმა წარმატებებმა - განსაკუთრებით რუსეთის სიღრმეში განხორციელებულმა წარმატებულმა იერიშებმა, ვაშინგტონის პოლიტიკურ წრეებში ტონი შეცვალა.

აშშ-ის ყოფილი სპეციალური წარმომადგენლის, კურტ ვოლკერის თქმით, ტრამპი ხედავს, რომ უკრაინა ინიციატივას ფლობს. NATO-ს ანკარის სამიტზე ტრამპის მიერ გაკეთებული განცხადება, რომ მას „კარგი ურთიერთობა“ აქვს ზელენსკისთან და მხარს უჭერს უკრაინაში Patriot-ის რაკეტების წარმოებას, ვოლკერის შეფასებით, MAGA-ს სამყაროსთვის მწვანე შუქის ანთებაა.

მიუხედავად იმისა, რომ ცნობილმა მემარჯვენე აქტივისტმა ლორა ლუმერმა უკრაინაში ვიზიტისა და ზელენსკისთან შეხვედრის შემდეგ კიევისადმი მხარდაჭერა ღიად გამოხატა, კაპიტოლიუმის ბორცვზე განწყობები კვლავ ორად არის გაყოფილი.

რესპუბლიკელი კანონმდებლების ნაწილი კვლავ ეწინააღმდეგება უკრაინისთვის სამხედრო და ეკონომიკური დახმარების გაგრძელებას, თუმცა ზელენსკი ცდილობს არგუმენტად გამოიყენოს მტკიცებულებები იმის შესახებ, რომ რუსეთი ირანს უჭერს მხარს, თემა, რომელიც ტრამპის ამომრჩევლისთვის განსაკუთრებით სენსიტიურია.