თბილისი (GBC) – გაგაუზიის ავტონომიის ბაშკანს ევგენია გუცულს 7 წლით პატიმრობა მიუსაჯეს, რომელსაც ნახევრად დახურულ ციხეში გაატარებს. 6 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა ყოფილი პარტია „შორ“-ის მდივანს სვეტლანა პოპანს, რომელსაც პარტიის უკანონო დაფინანსებაში თანამონაწილეობას ედავებოდნენ. ასეთი გადაწყვეტილება კიშინეუს სასამართლომ სამშაბათს, 5 აგვისტოს მიიღო. 

მანამდე, 2024 წლის აპრილში, ანტიკორუფციულმა პროკურატურამ ევგენია გუცულის წინააღმდეგ სასამართლოს მიმართა. პროკურატურის ინფორმაციით, გუცული არაკონსტიტუციურ პარტია შორ–ს 2019–2022 წლებში თავმჯდომარეობდა და სისტემატურად შეჰქონდა ფული რუსეთიდან მოლდოვაში.

გარდა ამისა, გუცული პარტიის რამდენიმე ოფისის საქმიანობის კოორდინაციაში და „დანაშაულებრივი დაჯგუფებებისგან ფულის მიღებაში“ დაადანაშაულეს. ამ დაჯგუფებებისგან მიღებულ 42,5 მლნ ლეის (დაახლოებით 6,7 მლნ ლარი) პარტიის დასაფინანსებლად იყენებდა.

დაახლოებით ანალოგიური ბრალდებები ჰქონდა წაყენებული სვეტლანა პოპანსაც.

ბრალდებულები დანაშაულს არ აღიარებენ. გუცულს მიაჩნია, რომ ოპოზიციისთვის მაგალითი გახდა, რათა, მისივე თქმით, „არ წავიდნენ ამჟამინდელი ხელისუფლების აზრის წინააღმდეგ“.