თბილისი (GBC) – აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა საუდის არაბეთის მაუწყებელთან „ალ–არაბიასთან“ ინტერვიუში განაცხადა, რომ რუსეთის შეიარაღებული ძალების მიერ აზერბაიჯანის სამგზავრო თვითმფრინავის ჩამოგდება და ამ ინციდენტზე რუსეთის ოფიციალური პირების რეაქცია აზერბაიჯანში დიდ იმედგაცრუებას და უკმაყოფილებას იწვევს.
„პირველ რიგში, ეს არ უნდა მომხდარიყო, რადგან რუსეთის აეროპორტებზე დრონების შეტევების დროს ისინი განსაკუთრებულ რეჟიმს აცხადებენ. რუსულად ამ რეჟიმს „კოვიორი“ ჰქვია და მისი გამოცხადებისთანავე სიგნალი ეგზავნება ყველა თვითმფრინავს და ისინი უკან ბრუნდებიან. კატასტროფამდე ორი კვირით ადრე იგივე მოუვიდა ჩვენს თვითმფრინავს, რომელიც რუსეთის იგივე ქალაქში მიფრინავდა. პილოტებმა მიიღეს სიგნალი და უკან გამობრუნდნენ. ამ შემთხვევაში კი სიგნალი მას შემდეგ გაუშვეს, რაც საჰაერო ხომალდი უკვე დაზიანებული იყო. გამოდის, მათ ეს იმ ადამიანების დასაბნევად გააკეთეს, ვინც მომხდარის გამოძიებაზე იმუშავებს. მათ ორჯერ დაარტყეს თვითმფრინავს. მხოლოდ პილოტების პროფესიონალიზმის და ვაჟკაცობის წყალობით მოხერხდა თვითმფრინავის დასმა, საბედნიეროდ, ყაზახეთში, და არა რუსეთში“, – თქვა ილჰამ ალიევმა.
პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ არსებობს გადარჩენილთა ჩვენებები: „თვითმფრინავის ბორტზე მყოფმა ორმა ადამიანმა ჭურვის ნამსხვრევებით ჭრილობები მიიღეს. არის თვითმფრინავის ნამსხვრევები. მე დაუყოვნებლივ გავაგზავნე იქ ჯგუფი. ჩვენები ძალიან მალე მივიდნენ კატასტროფის ადგილზე და ყველაფერი აღბეჭდეს ვიდეოკადრებში. თვითმფრინავი რუსული ჰაერსაწინააღმდეგო სისტემის მიერ იყო დაზიანებული. საერთოდ არ ღირდა თვითმფრინავის ჩამოგდება, თუმცა, ეს ტრაგიკული შეცდომაა“.
„ყარაბაღის მეორე ომის ბოლო დღეს, 9 ნოემბერს, აზერბაიჯანმა შემთხვევით ჩამოაგდო რუსული ვერტმფრენი, რომელიც აზერბაიჯანს სომხეთის მხრიდან მიუახლოვდა. ეს ვერტმფრენი იქ არ უნდა ყოფილიყო, რადგან ბოლო 30 წლის განმავლობაში რუსული ვერტმფრენები სომხეთის მხრიდან აზერბაიჯანის საზღვარს არასოდეს მიახლოებიან. ვინც ეს ვერტმფრენი ჩამოაგდო, იფიქრეს, რომ სომხები აპირებენ აზერბაიჯანის ტერიტორიაზე შესვლას ვერტმფრენით და ის ჩამოაგდეს. მე იმავე დღეს, დაუყოვნებლივ დავურეკე პრეზიდენტ პუტინს და ბოდიში მოვუხადე. ასევე დაუყოვნებლივ გადავუხადეთ კომპენსაცია დაღუპული პილოტების ოჯახებს და თავდაცვის სამინისტროს. დავიწყეთ გამოძიება და ისინი, ვინც ეს ტრაგიკული შეცდომა დაუშვეს, პასუხისგებაში მიეცნენ. არაფერი მსგავსი რუსეთის მხრიდან ჩვენ არ დაგვინახავს. ისინი დღემდე არ ამბობენ, რა მოხდა“, – განაცხადა ალიევმა.