თბილისი (GBC) - უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა ვიქტორ ორბანმა უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისადმი X-ზე, საჯაროდ მიწერილ წერილში ის „ანტიუნგრული პოლიტიკის გატარებაში“ დაადანაშაულა.
ორბანმა განაცხადა, რომ ოთხი წლის განმავლობაში ზელენსკიმ „ვერ შეძლო მიეღო უნგრეთის სუვერენული მთავრობისა და უნგრელი ხალხის პოზიცია რუსეთსა და უკრაინას შორის ომთან დაკავშირებით“.
„ოთხი წლის განმავლობაში თქვენ მუშაობდით იმაზე, რომ უნგრეთი თქვენს ქვეყანასა და რუსეთს შორის ომში ჩაგეთრიათ. ამ დროის განმავლობაში თქვენ მიიღეთ მხარდაჭერა ბრიუსელისგან და უზრუნველყავით უნგრული ოპოზიციის მხარდაჭერა“, - დაწერა მან.
ორბანმა ასევე განაცხადა, რომ ზელენსკი, ბრიუსელი და უნგრული ოპოზიცია „კოორდინირებულად ცდილობენ, უნგრეთში ხელისუფლებაში პროუკრაინული მთავრობა მოიყვანონ“.
გარდა ამისა, მან ახსენა ნავთობსადენი „დრუჟბა“, რომელსაც „კრიტიკული მნიშვნელობა აქვს უნგრეთის ენერგომომარაგებისთვის“ და ზელენსკი მის „ბლოკირებაში“ დაადანაშაულა. „თქვენი ქმედებები ეწინააღმდეგება უნგრეთის ინტერესებს და საფრთხეს უქმნის უნგრული ოჯახების უსაფრთხო და ხელმისაწვდომ ენერგომომარაგებას“, - აღნიშნა მან.
წერილში ორბანმა უკრაინის პრეზიდენტს მოუწოდა, „შეცვალოს თავისი ანტიუნგრული პოლიტიკა“.
„ჩვენ, უნგრელი ხალხი, არ ვართ პასუხისმგებელნი იმ სიტუაციაზე, რომელშიც უკრაინა აღმოჩნდა. ჩვენ თანავუგრძნობთ უკრაინელ ხალხს, მაგრამ არ გვსურს ომში მონაწილეობა. ჩვენ არ გვინდა სამხედრო მოქმედებების დაფინანსება და არ გვსურს ენერგომატარებლებში მეტის გადახდა“, - განაცხადა უნგრეთის პრემიერმა.
დასასრულს, მან ზელენსკის მოუწოდა „დაუყოვნებლივ აღადგინოს“ ნავთობსადენ „დრუჟბას“ მუშაობა და „თავი შეიკავოს უნგრეთის ენერგეტიკულ უსაფრთხოებაზე ნებისმიერი შემდგომი თავდასხმისგან“.
„მეტი პატივისცემა უნგრეთს!“, - ამ სიტყვებით დაასრულა ორბანმა წერილი.
Open Letter to President Volodymyr Zelenskyy
— Orbán Viktor (@PM_ViktorOrban) February 26, 2026
Mr. President,
For four years, you have been unable to accept the position of the sovereign Hungarian government and the Hungarian people regarding the Russia–Ukraine war.
For four years, you have been working to force Hungary into…
შეგახსენებთ, უნგრეთმა დაბლოკა ევროკავშირის მიერ უკრაინისთვის გამოყოფილი 90 მილიარდი ევროს ოდენობის კრედიტი, რადგან უარი თქვა ევროპარლამენტის მიერ დამტკიცებული სამი დოკუმენტიდან ერთ-ერთისთვის ხმის მიცემაზე.
ევროკავშირში გამოთქვამენ შიშს, რომ წინასაარჩევნო კამპანიის დროს ორბანზე ზეწოლა შესაძლოა სახიფათო იყოს.
ასევე, 25 თებერვალს უნგრეთის პრემიერ-მინისტრი გამოვიდა განცხადებებით უნგრეთის ენერგოსისტემის მიმართ არსებული ე.წ. „უკრაინული საფრთხის“ შესახებ და ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის დასაცავად სამხედროების განლაგება დააანონსა.
უნგრეთში საპარლამენტო არჩევნები 2026 წლის აპრილში გაიმართება. სოციოლოგიური გამოკითხვები ოპოზიციური პარტია „ტისას“ (Tisza) მნიშვნელოვან უპირატესობას აჩვენებს.