თბილისი (GBC) – „როგორ იქცა მოსკოვის დაუძინებელი მტერი კრემლის მთავარ დასაყრდენად ევროპაში - გამოცემა Politico ვიქტორ ორბანის პოლიტიკურ მეტამორფოზასა და მის ძალაუფლებისადმი დაუოკებელ სწრაფვაზე ვრცელ სტატიას აქვეყნებს. მასალაში, რომელიც ორბანის ყოფილი თანამებრძოლების მოგონებებს ეყრდნობა, ავტორი აღწერს უნგრეთის პრემიერ-მინისტრის გზას 1989 წლის ანტისაბჭოთა რიტორიკიდან დღევანდელ „ილიბერალურ“ მოდელამდე, სადაც ბრიუსელმა მოსკოვის, როგორც „ოკუპანტი ძალის“ ადგილი დაიკავა“.
"ეს იყო 1989 წელი. „რკინის ფარდა“ იშლებოდა და ორბანი შერჩეული იყო სიტყვით გამოსასვლელად ქვეყნის ყოფილი პრემიერ-მინისტრის, იმრე ნადის რეინჰუმაციის (ხელახლა დაკრძალვის) ცერემონიაზე - ომის შემდგომი ლიდერის, რომელიც 1956 წლის უნგრეთის რევოლუციას საბჭოთა კავშირის წინააღმდეგ ხელმძღვანელობდა და რის გამოც იგი სიკვდილით დასაჯეს.
სელენიი, რომელიც იქ საპატიო ყარაულის შემადგენლობაში იმყოფებოდა, იხსენებს, როგორ ავიდა სცენაზე კაცი, რომელიც მომავალში მისი ქვეყნის ყველაზე ხანგრძლივი ვადით არჩეული პრემიერ-მინისტრი გახდებოდა, და საბჭოთა არმიის გაყვანა მოითხოვა. „თუ ჩვენ საკუთარი ძალის გვჯერა, ჩვენ შეგვიძლია ბოლო მოვუღოთ კომუნისტურ დიქტატურას, - თქვა მაშინ ორბანმა. – თუ საკმარისად მტკიცენი ვიქნებით, შეგვიძლია ვაიძულოთ მმართველი პარტია, დათანხმდეს თავისუფალ არჩევნებს“.
არანაირი ნიშანი იმისა, თუ ვინ გახდებოდა ორბანი ერთ დღეს, არ არსებობდა, ამბობს სელენიი, მმართველი პარტია „ფიდესის“ (Fidesz) ყოფილი კანონმდებელი. ლიბერალური ლიდერიდან, რომელიც უნგრეთს მოსკოვისგან გამოყოფისკენ მოუწოდებდა, უნგრეთის პრემიერ-მინისტრი ილიბერალიზმის თვითგამოცხადებულ ჩემპიონად და კრემლის საუკეთესო მეგობრად იქცა ევროპაში.
იმ დროს, როდესაც ევროკავშირი ცდილობს დაუპირისპირდეს მოსკოვის აგრესიას უკრაინასა და დანარჩენ კონტინენტზე, უნგრეთის პრემიერ-მინისტრი გახდა ის ადამიანი, რომლის იმედიც რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს ყოველთვის აქვს.
12 აპრილის კრიტიკული არჩევნების წინ, ორბანმა დაბლოკა ევროკავშირის 90 მილიარდი ევროს ოდენობის სესხის პაკეტი, რომელიც კიევის თქმით, მას სასწრაფოდ სჭირდება ბრძოლის გასაგრძელებლად. ამავდროულად, გასულ კვირას ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრს მოუწია იმის განმარტება, თუ რატომ გადასცემდა ის კონფიდენციალურ ინფორმაციას კრემლს „უკანა არხებით“.
„ეს დროთა განმავლობაში მოხდა, რამდენიმე ეტაპისა და გარდამტეხი მომენტის გავლით“, სადაც თითოეული ნაბიჯი ლოგიკურად და გარდაუვალად მიჰყვებოდა წინას, - თქვა სელენიიმ მდინარე დუნაის პირას მდებარე კაფეში ჩაის სმისას. „პრორუსული განწყობა, ალბათ, ყველაზე გასაკვირია, თუმცა ის ერთ დღეში არ შეცვლილა“.
„უნგრეთის კვლავ გაძლიერება“
როდესაც 1990 წელს უნგრეთის პირველი თავისუფალი არჩევნები ჩატარდა, ორბანი და სელენიი „ფიდესის“ იმ 22 წევრს შორის იყვნენ, მაშინ ეს იყო ანტიკომუნისტი სტუდენტებისა და ინტელექტუალების ლიბერალურ-ცენტრისტული ჯგუფი, რომლებიც ეროვნულ ასამბლეაში აირჩიეს.
მისი თქმით, ორბანის ტრანსფორმაცია ამის შემდეგ მალევე დაიწყო. 1990 წელს პარტიის პრეზიდენტად არჩეულმა ახალგაზრდა პოლიტიკოსმა სწრაფად მოიპოვა სრული დომინირება „ფიდესზე“. მან დაიწყო იმ ადამიანების შევიწროება, ვინც მას გამოწვევას უცხადებდა ან მის გადაწყვეტილებებზე კამათს ბედავდა.
სელენიიმ და რამდენიმე სხვა კანონმდებელმა პარტია 1994 წელს დატოვეს, როდესაც ორბანმა მკვეთრად შეცვალა იდეოლოგიური პოზიცია ლიბერალიზმიდან ნაციონალურ კონსერვატიზმზე.
„ისინი, ვინც „ფიდესში“ დარჩნენ, უფრო ერთგვაროვანნი და მისი ერთგულნი იყვნენ“, - ამბობს სელენიი. „მას შემდეგ პარტიისა და ორბანის ისტორია ერთი მთლიანობაა“. მისი ტრანსფორმაცია ეტაპობრივად მოხდა: საუკუნის მიჯნაზე პრემიერ-მინისტრობის შემდეგ, მან რვა წელი ოპოზიციაში გაატარა, სადაც ყველაფერს აკეთებდა ეროვნულ ასამბლეაში პროცესების შესაფერხებლად და მაშინდელი სოციალისტურ-ლიბერალური მთავრობის საბოტაჟისთვის.
მას შემდეგ, რაც მან 2010 წელს კვლავ დაიკავა ქვეყნის უმაღლესი თანამდებობა, მიზნად დაისახა, რომ აღარასოდეს წაეგო. მან გადაწერა კონსტიტუცია, შეცვალა კანონები დემოკრატიული ბალანსის შესამცირებლად, დაასუსტა მედიის თავისუფლება, სასამართლოს დამოუკიდებლობა და საარჩევნო გარემო თავის სასარგებლოდ შეცვალა.
სელენიის სჯერა, რომ ორბანის ტრანსფორმაციის პირველი ეტაპი, საწყისი იდეოლოგიური ცვლა, პირადი ამბიციით ან „ხელისუფლებისადმი სწრაფვით“ იყო განპირობებული. მან გათვალა, რომ „ფიდესს“ მმართველობისკენ უფრო ნათელი გზა ექნებოდა პოლიტიკური ველის კონსერვატიულ მხარეს, სადაც მთავარი მემარჯვენე პარტია დაშლის პირას იყო.
ორბანის გადახრა რუსეთისკენ ნელი, მაგრამ დროის სვლასთან ერთად აშკარა იყო. გარდამტეხი მომენტი დადგა 2014 წელს, როდესაც მან კრემლთან ხელი მოაწერა ხელშეკრულებას მასშტაბური სესხის შესახებ პაქშის (Paks II) ატომური ელექტროსადგურის გასაფართოებლად. ეს გარიგება არა მხოლოდ მოსკოვზე პრაგმატულ დამოკიდებულებას, არამედ იდეოლოგიურ დაახლოებასაც ნიშნავდა. სულ რაღაც ექვსი თვის შემდეგ, პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ მისი მიზანი უნგრეთში „ილიბერალური სახელმწიფოს“ აგება იყო, რომელიც დაეფუძნებოდა ნაციონალურ და ტრადიციულ ქრისტიანულ ღირებულებებს. მან მაგალითად პუტინის რუსეთი მოიყვანა, რაც მოულოდნელი იყო იმის გათვალისწინებით, რომ 2007 წელს ის რუსეთს იმპერიას უწოდებდა, რომელსაც მეზობელი ქვეყნების ჩაგვრა სურს და რომელსაც არასოდეს უნდა ენდო.
ორბანის დროს ეკონომიკური თანამშრომლობა მოსკოვთან სწრაფად გადაიზარდა მყარ პოლიტიკურ კავშირებში. მან დაიწყო საუბარი „აღმოსავლურ გახსნაზე“, ამტკიცებდა რა, რომ უნგრეთისთვის მნიშვნელოვანი იყო დასავლეთთან ურთიერთობის დაბალანსება რუსეთთან, ჩინეთთან და თურქეთთან კავშირების გაუმჯობესებით.
2019 წელს, როდესაც ცენტრალური ევროპის უმეტესობამ ბერლინის კედლის დაცემის 30-ე წლისთავი აღნიშნა, ბუდაპეშტში სახელმწიფო ღონისძიებები საგრძნობლად მოკრძალებული იყო. პეტერ მოლნარისთვის - ორბანის კურსელისთვის, რომელმაც პარტია 1994 წელს დატოვა, ორბანის გზა რუსეთის მტრობიდან მეგობრობამდე მის საერთაშორისო ამბიციებს ასახავს. „ორბანს არ შეუძლია უნგრეთი ტერიტორიულად კვლავ გახადოს დიდი, მაგრამ შესაძლოა ფიქრობს, რომ შეუძლია ის გახადოს უფრო ძლიერი და გავლენიანი“. ბრიუსელსა და ბუდაპეშტს შორის ყოველი დაპირისპირებისას, უნგრეთის ურთიერთობა პუტინთან მხოლოდ თბებოდა, ისევე როგორც მოგვიანებით დონალდ ტრამპთან.
მეტამორფოზა
მოლნარი ახალგაზრდა ორბანის დასახასიათებლად იყენებს ზედსართავ სახელს, „ბეჯითი“. მისი თქმით, ორბანს ყოველთვის ჰქონდა შრომის უნარი და დეტალებისადმი ყურადღებიანი იყო. მოლნარი აღნიშნავს, რომ ახალგაზრდობაში ორბანი არალეგალურ იატაკქვეშა ცეკვებზეც დადიოდა, რაც მაშინდელი ახალგაზრდობის ერთგვარი პროტესტი იყო სახელმწიფო უსაფრთხოების პოლიციის წინააღმდეგ. ხელოვნებისა და ლიტერატურისადმი მცირე ინტერესის მიუხედავად, ის მონაწილეობდა პეტერ ვაისის სატირული პიესის დადგმაში, რომელიც აღწერდა უბრალო ადამიანის ბრძოლას მჩაგვრელ საზოგადოებაში.
სელენიის მსგავსად, მოლნარიც ამბობს, რომ მაშინ არაფერი მიანიშნებდა მის მომავალ პოლიტიკურ მოგზაურობაზე ლიბერალიზმიდან MAGA-ს ევროპულ ფავორიტობამდე. „თუმცა, დაუოკებელი ამბიცია ყოველთვის იყო“, - აღნიშნავს ის. „თუ პოლიტიკური კონსტელაცია ისეთი იქნებოდა, რომ ლიბერალური გზა მისცემდა ძალაუფლებას, ის ალბათ ლიბერალად დარჩებოდა“.
პოლიტიკური ჟურნალისტი პალ დანიელ რენიი, რომელმაც ორბანის ბიოგრაფია დაწერა, ეთანხმება ამ აზრს: „ვფიქრობ, ის მოხიბლულია თავად ძალაუფლებით. თუ ჩვენ ისეთ დროს ვიცხოვრებდით, როდესაც ლიბერალიზმი იქნებოდა აღმავლობის გზაზე, ის ლიბერალი იქნებოდა“. რენიის თქმით, ორბანმა 90-იანებში გააცნობიერა, რომ ნაციონალისტობა და კონსერვატორობა მას მართვისა და კონტროლის მეტ თავისუფლებას მისცემდა.
ამ გზაზე ორბანი სწავლობდა მემარჯვენე როლურ მოდელებს საზღვარგარეთ. ის დაინტერესდა აშშ-ის რესპუბლიკური პარტიის ინფრასტრუქტურით და მოხიბლული იყო სილვიო ბერლუსკონით. ბერლუსკონის მსგავსად, რომელმაც ფეხბურთი და პოლიტიკა გააერთიანა, ორბანმაც დააარსა საფეხბურთო აკადემია თავის მშობლიურ სოფელ ფელჩუტში. ორბანი თავის გამოსვლებსაც კი ასრულებს სიტყვებით előre magyarország („წინ უნგრეთო“), რაც ბერლუსკონის პარტიის (Forza Italia) სახელწოდების პირდაპირი ჰომაჟია.
ბოროტების იმპერია
ფრანკ ფურედისთვის, რომელიც უნგრეთის მთავრობის მიერ მხარდაჭერილ ინსტიტუტს ხელმძღვანელობს, რეალურად „ევროკავშირი შეიცვალა“ და გახდა უფრო ლიბერალური და აგრესიული წევრი ქვეყნების სუვერენიტეტის მიმართ. მისი აზრით, ევროკავშირის მტრობამ დიდი გავლენა მოახდინა ორბანის მსოფლმხედველობაზე. ფურედი ასევე აღნიშნავს 2015 წლის ლტოლვილთა კრიზისს, როგორც გარდამტეხ მომენტს, როდესაც ევროკომისიის პოლიტიკასთან შეჯახებამ ტოლერანტობა მტრობად აქცია.
ამ ხედვით, ორბანის გონებაში ბრიუსელმა, როგორც უნგრეთის „ოკუპანტმა“ ძალამ, ჩაანაცვლა რუსეთი.
2010 წლის შემდეგ თავის საარჩევნო კამპანიებში ორბანი ხშირად წარმოაჩენს უნგრეთს, როგორც „ალყაში მოქცეულ“ ქვეყანას, რომელსაც მუდმივი საფრთხე ემუქრება დიდი მეზობლებისგან, ზენაციონალური ძალებისგან ან ბნელი ფინანსური წრეებისგან. ეს არის სტრატეგია, რომელიც ეყრდნობა ისტორიულ წყენას 1848 წლიდან მოყოლებული. 2011 წლის გამოსვლაში მან თქვა: „1848-ში ჩვენ არ ვემორჩილებოდით ვენას, 1956-ში არ ვემორჩილებოდით მოსკოვს. ახლა კი არ დავემორჩილებით ბრიუსელს ან ნებისმიერ სხვას“.
ეს სტრატეგია მუშაობს. ბუდაპეშტში ხალხს სძულს რუსეთთან დაახლოების იდეა, მაგრამ რეგიონებში ორბანის გაფრთხილებები ომში ჩათრევის შესახებ რეზონანსს პოულობს. თუმცა, ყველა არ არის დარწმუნებული, რომ ეს მხოლოდ გარემოებების ბრალია და არა თავად ორბანის ცვლილების.
თავის ერთ-ერთ ლექსში მოლნარი იხსენებს საუბარს ახალგაზრდა ორბანთან:
"- რა მოხდება, თუ ჩვენ შევძლებთ დემოკრატიის შექმნას, მაგრამ ვინმე კვლავ მოიპოვებს ზედმეტ ძალაუფლებას?
- გამორიცხულია, - თქვი შენ.
- მაგრამ მაინც თუ მოხდა? - კვლავ ვკითხე მე.
- თუ ვინმე კვლავ მოიპოვებს ზედმეტ ძალაუფლებას, მას ჩემთან ექნება პრობლემა, - თქვი შენ".
წყარო: Politico