თბილისი (GBC) – აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე დავით გაბაიძე თანამდებობიდან გადადგა. აღნიშნული გადაწყვეტილების შესახებ მან, ორშაბათს, საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა. 

გაბაიძის განმარტებით, გადაწყვეტილება გუნდთან კონსულტაციების საფუძველზე მიიღო და მისი მთავარი მოტივაცია პირადი ცვლილებების საჭიროებაა. დავით გაბაიძე აჭარის საკანონმდებლო ორგანოს 2016 წლიდან, თითქმის 10 წლის განმავლობაში ხელმძღვანელობდა.

„ამაზე დიდი ხანია ვფიქრობ. მოტივაცია ერთადერთია - არასრული ათი წელია ამ თანამდებობაზე ვარ და ნამდვილად დადგა დრო, რომ ჩემს ცხოვრებაში რაღაც შეიცვალოს. გუნდთან მქონდა კონსულტაციები და ვმსჯელობდით, რომ ეს გადაწყვეტილება უნდა მიმეღო“, - აღნიშნა გაბაიძემ.

მან ასევე უარყო გავრცელებული ვერსიები აჭარის მთავრობის ყოფილ თავმჯდომარესთან, თორნიკე რიჟვაძესთან შესაძლო დაპირისპირების შესახებ და აღნიშნა, რომ თანამდებობაზე რიჟვაძის მოსვლამდეც იმყოფებოდა, ამიტომ ამ ფაქტების დაკავშირება მართებული არ არის.

რაც შეეხება მომავალ გეგმებს, გაბაიძე გარკვეული პერიოდი უმაღლეს საბჭოში დარჩება. მისივე თქმით, გუნდისგან აქვს სხვადასხვა შემოთავაზება, რაზეც საბოლოო გადაწყვეტილებას ოჯახთან კონსულტაციის შემდეგ მიიღებს.

უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის პოსტზე შესაძლო შემცვლელად დავით გაბაიძემ ცოტნე ანანიძის კანდიდატურა ახსენა. „ჩემი შემცვლელი შეიძლება იყოს უმრავლესობის ნებისმიერი წევრი. თუკი ეს ცოტნე ანანიძე იქნება, მივესალმები მის კანდიდატურას“, - განაცხადა მან.

ვრცელდება ინფორმაცია, რომ აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის პოზიციაზე მმართველი გუნდი მართლაც „ქართული ოცნების“ წევრის ცოტნე ანანიძის კანდიდატურას განიხილავს.