თბილისი (GBC) – რუსეთის ფედერაციის ხელისუფლებამ ვადაზე ადრე გააუქმა საავტომობილო ბენზინის ექსპორტის აკრძალვა. ამის შესახებ ვიცე–პრემიერმა ალეკსანდრ ნოვაკმა პარასკევს თქვა, თუმცა ექსპორტის განახლების კონკრეტული ვადები არ დაუსახელებია. 

მანამდე, ნოემბერში, რუსეთის ენერგეტიკის სამინისტრომ გაავრცელა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ შიდა ბაზარზე სტაბილური ფასების ფონზე შესაძლებლად მიიჩნიეს ბენზინის ექსპორტზე დაწესებული აკრძალვის გაუქმება. მანამდე დადგენილი წესით, აკრძალვა 2025 წლის იანვრამდე უნდა შენარჩუნებულიყო.

რუსეთმა ბენზინის ექსპორტი 1–ელ აგვისტოს აკრძალა, შიდა ბაზრის დაცვისა და ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებში სეზონური რემონტის მოახლოების გამო. 

საქართველოში იანვარ–აგვისტოში ჯამში 716 მლნ აშშ დოლარის ღირებულების ნავთობი შემოიტანეს. რუსეთზე კი სრული იმპორტის ღირებულების 61% მოდიოდა, ხოლო იმპორტის მოცულობის (ტონებში) - 67%.

მეორე ადგილზე რუმინეთი იყო - ღირებულების 14%-ით.

რუსეთი იმპორტიორებს შორის შესამჩნევად დომინანტი 2022 წლიდან გახდა - თუკი 2021 წელს ჩრდილოელი მეზობლისგან $135 მლნ-ის ღირებულების ნავთობი შემოვიდა, 2022 წელს იმპორტი $621 მლნ-მდე გაიზარდა.