თბილისი (GBC) - სომხეთის პარლამენტმა დღეს, 26 მარტს, ხმათა უმრავლესობით მიიღო კანონი „ევროკავშირში გაწევრიანების პროცესის დაწყების შესახებ“. სომხეთის პარლამენტის თავმჯდომარემ ალენ სიმონიანმა განაცხადა, რომ “კანონპროექტს მხარი 64-მა დეპუტატმა დაუჭირა, 7-მა დეპუტატმა ხმა მის წინააღმდეგ მისცა, გადაწყვეტილება მიღებულია”.

ექსპერტები მიიჩნევენ, რომ სომხეთის ევროკავშირში გაწევრიანების რეალური პერსპექტივა ჯერ არ ჩანს.

ანალიტიკოსების აზრით, 2026 წელს სომხეთში საპარლამენტო არჩევნები ჩატარდება და საგარეო პოლიტიკური კურსი საარჩევნო კამპანიის ნაწილი გახდება.

ინფორმაციისთვის, სომხეთის მთავრობამ 2025 წლის იანვარში შეათანხმა კანონპროექტი ევროკავშირში გაწევრების პროცესის დასაწყებად და პარლამენტს გაუგზავნა. პარლამენტმა კანონპროექტი პირველი მოსმენით თებერვალში მიიღო.

მანამდე, 20 მარტს, სომხეთის პრემიერმა ნიკოლ ფაშინიანმა უწყებებს დაავალა, აღადგინონ ურთიერთობა რუს კოლეგებთან და „აქტიურად მიიღონ მონაწილეობა ყველა ღონისძიებაში“. როგორც სომხური გამოცემა „გრაპარაკი“ წერდა, პრემიერმა ეს განკარგულება „ბოლო დროს მომხდარი გეოპოლიტიკური ცვლილებების ფონზე გასცა“.