თბილისი (GBC) – თურქეთის ცენტრალურმა ბანკმა ოთხშაბათს რეკორდული მოცულობის უცხოური ვალუტა გაყიდა, მას შემდეგ, რაც სტამბოლის მერის ექრემ იმამოღლუს დაპატიმრებას ლირას 12%–იანი გაუფასურება მოჰყვა.
სააგენტო Reuters სამ თურქ ბანკირზე დაყრდნობით წერს, რომ ცენტრალურმა ბანკმა სულ მცირე $5 მლრდ–ის უცხოური ვალუტა გაყიდა, თუმცა, ზოგიერთი ბანკირის დაანგარიშებით, დღის განმავლობაში ბანკის სავალუტო ინტერვენციამ შესაძლოა $10 მლრდ–ს მიაღწიოს.
Reuters წერს, რომ თურქეთის ცენტრალურ ბანკში მიმდინარე პროცესების კომენტარისგან თავი შეიკავეს.
თბილისის დროით 15:00 საათისთვის თურქეთის სავალუტო ბაზარზე $1–ის ფასი 38,34 ლირას შეადგენდა. მანამდე, დღის 12 საათზე, დოლარის ფასმა 41 ლირასაც გადააჭარბა, რაც ერთ დღეში თურქული ეროვნული ვალუტის 12%–ით ვარდნას ნიშნავს. ასეთ ნიშნულზე ლირა ისტორიაში პირველად დავარდა.
თურქეთის პოლიციამ სტამბოლის მერი ექრემ იმამოღლუ ოთხშაბათს დააპატიმრა. მის სახლში ჩხრეკა ჩატარდა. ექრემ იმამოღლუ თურქეთის მომავალ საპრეზიდენტო არჩევნებში ქვეყნის მოქმედი პრეზიდენტის, რეჯეფ თაიპ ერდოღანის მთავარ მეტოქედ განიხილება.