თბილისი (GBC) - ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის დონალდ ტრამპის ორგანიზაციის ონლაინ მაღაზიაში ქუდებისა და მაისურების გაყიდვა დაიწყეს, წარწერით: „ტრამპი 2028“. ამის შესახებ NBC NEWS წერს.
"ტრამპი 2028“ ქუდების ფასი $50-ია და თან ახლავს შემდეგი აღწერა: „მომავალი მკაფიოდ გამოიყურება! გადაწერე წესები „ტრამპი 2028“-ის ქუდით. ეს გახდება თქვენი ახალი საყვარელი ქუდი“.
მაისურების ფასი კი $36-ია და მის აღწერაში ნათქვამია – „გადაწერე წესები“.
NBC NEWS წერს, აღნიშნულთან დაკავშირებით კომენტარის გაკეთება სთხოვეს თეთრი სახლის პრესმდივანს, ქეროლაინ ლევიტს, რაზეც მან განაცხადა, რომ ტრამპის ორგანიზაციას დაკავშირებოდნენ, „რადგან ეს მათი ვებგვერდია“, თუმცა ასევე აღნიშნა: „ეს მაგარი ქუდია და ვფიქრობ, ძალიან პოპულარული იქნება“.
დონალდ ტრამპის შვილმა და აღნიშნული ორგანიზაციის ხელმძღვანელმა, ერიკ ტრამპმა გამოაქვეყნა საკუთარი ფოტო ამ ქუდით.
აშშ-ის პრეზიდენტმა და მისმა მოკავშირეებმა არაერთხელ აღნიშნეს დონალდ ტრამპის მესამე ვადით კენჭისყრის შესაძლებლობა, მიუხედავად იმისა, რომ კონსტიტუცია ამას კრძალავს.