თბილისი (GBC) – აშშ–ის კოლუმბიის ოლქის პროკურატურა ფედრეზერვის თავმჯდომარის ჯერომ პაუელის წინააღმდეგ სისხლის სამართლის გამოძიება დაიწყო. გამოძიების საფუძვლად ვაშინგტონში რეგულატორის შტაბ–ბინის რეკონსტრუქციის ფაქტი სახელდება, რომლის პროექტის ფარგლებშიც, სავარაუდოდ, სამუშაოების მასშტაბის შესახებ ინფორმაცია დამახინჯებულია. ამის შესახებ The New York Times ინფორმირებულ მაღალჩინოსნებზე დაყრდნობით წერს.
წყაროების თქმით, გამოძიებას, რომელიც შეიცავს პაუელის საჯარო განცხადებებისა და ხარჯების ანგარიშგების ანალიზს, კოლუმბიის ოლქის პროკურორმა ჟანინ პირომ ნოემბერში დაუჭირა მხარი. The New York Times აღნიშნავს, რომ პირო დონალდ ტრამპის „ძველი მოკავშირეა“, ხოლო გამოძიება პაუელის წინააღმდეგ „ახალი მსხვილი იურიდიული ფრონტი“ გახდა.
თავად პაუელმა ფედრეზერვის საიტზე განაცხადა, რომ აშშ–ის იუსტიციის სამინისტრომ რეგულატორს სასამართლოს უწყება პარასკევს გაუგზავნა. „სისხლის სამართლის ბრალის წაყენებით მემუქრებიან, სენატის საბანკო კომიტეტის წინაშე მიცემული ჩემი ჩვენებების გამო, რომელიც, მათ შორის, ფედრეზერვის შტაბ–ბინის რეკონსტრუქციას შეეხებოდა“, – განაცხადა პაუელმა.
„დიდ პატივს ვცემ კანონის უზენაესობას და ანგარიშვალდებულებას ჩვენს დემოკრატიაში. ვერავინ, მათ შორის ვერც ფედრეზერვის თავმჯდომარე ვერ დადგება კანონზე მაღლა. მაგრამ ეს უპრეცედენტო ქმედებები უფრო ფართო ჭრილში უნდა განვიხილოთ, როგორც ადმინისტრაციის მხრიდან მუქარა და ზეწოლა“, – თქვა პაუელმა.
იგი პირობას დებს, რომ გააგრძელებს ფედრეზერვში მუშაობას, ამაყად და კენთილსინდისიერად მოემსახურება ამერიკელ ხალხს. პაუელი ფედრეზერვის მმართველთა საბჭოში 2012 წლიდან ირიცხება. საბჭოს წევრები 14 წლით ინიშნებიან. მისი უფლებამოსილების ვადა 2026 წლის მაისში იწურება.
მანამდე ტრამპი პაუელს არაერთხელ აკრიტიკებდა რეფინანსირების განაკვეთის დაწევაზე უარის თქმის გამო: ეს მაჩვენებელი 2024 წლის დეკემბრიდან 2025–ის სექტემბრამდე ფედრეზერვს 4,5%–იან ნიშნულზე ჰქონდა შენარჩუნებული. სექტემბერში განაკვეთი 4,25%–მდე, ოქტომბერში 4%–მდე, ხოლო დეკემბერში 3,75%–მდე შეამცირეს, რაც 2022 წლის ნოემბრის შემდეგ ყველაზე დაბალი ნიშნულია.