თბილისი (GBC) – თურქეთის ფინანსურ-ეკონომიკურ ბლოკში საკადრო ცვლილებები ერთდროულად განხორციელდა. თანამდებობები დატოვეს ქვეყნის ფინანსური ბაზრების საბჭოს თავმჯდომარემ მაჰმუთ სიუთჩიუმ და ხაზინისა და ფინანსთა მინისტრის მოადგილემ ოსმან ჩელიქმა. ამის შესახებ თურქული მედია ოფიციალურ უწყებებზე დაყრდნობით წერს.

თურქული მედიის ცნობით, ფინანსური ბაზრების მარეგულირებლის ხელმძღვანელმა მაჰმუთ სიუთჩიუმ თავდაპირველად ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო გადადგომის შესახებ განცხადება წარადგინა. თუმცა, პრეზიდენტის მიერ გამოქვეყნებულ №2026/350 განკარგულებაში აღნიშნულია, რომ ის თანამდებობიდან გაათავისუფლეს.

თავის მხრივ, ფინანსურ ბაზრებზე პასუხისმგებელმა მინისტრის მოადგილემ ოსმან ჩელიქმა ფინანსთა მინისტრ მეჰმედ შიმშექს პენსიაზე გასვლის შესახებ მიმართა.

საკადრო გადაწყვეტილებები დაემთხვა მასშტაბურ კრიზისს, რომელიც შვიდი კომპანიის მიერ მართული 100-ზე მეტი საინვესტიციო ფონდის ლიკვიდაციას უკავშირდება. პროცესი მარეგულირებლის ზედამხედველობით მიმდინარეობდა.

ამავდროულად, სტამბოლის პროკურატურა თურქეთის საფონდო ბაზარზე მანიპულირების ფაქტებს იძიებს.