თბილისი (GBC) – ბოსფორისა და დარდანელის სრუტეებში უცხო ქვეყნების სავაჭრო გემების ტრანზიტზე მოსაკრებელი თურქეთმა დღეიდან, 1–ლი ივლისიდან გააძვირა და სუფთა ტონაჟზე $5,07 გახდა. ერთი წლის წინ გაზრდილი მოსაკრებელი კი დღემდე $4,42 იყო. აღნიშნული გადაწყვეტილება თურქეთის ტრანსპორტის სამინისტრომ მიიღო. 

უწყების დოკუმენტში აღნიშნულია, რომ ტარიფების ზრდა გეგმური იყო. ტრანსპორტის მინისტრი აბდულკადირ ურალოღლუ მანამდე აცხადებდა, რომ მოსაკრებლის გადახედვა პრეზიდენტ რეჯეფ თაიპ ერდოღანის 2022 წლის 7 ოქტომბრის განკარგულების საფუძველზე მოხდა.

1936 წელს ხელმოწერილი მონტრეს კონვენციის თანახმად, რომელიც ბოსფორისა და დარდანელის სრუტეებში ნაოსნობას არეგულირებს, სავაჭრო ხომალდების შეუჩერებელ ტრანზიტზე მოსაკრებელი სამედიცინო კონტროლის, შუქურების და გემების ევაკუაციისთვის არის დაწესებული. 1983 წლიდან გადასახადი ოქროს ფრანკს ეფუძნებოდა და სუფთა ტონაჟზე $0,8–ს შეადგენდა. 2022 წლიდან ეს წესი შეიცვალა და ტარიფი $4,08–მდე გაიზარდა.