თბილისი (GBC) – Volkswagen 16 დეკემბრიდან წყვეტს ავტომობილების წარმოებას დრეზდენში მდებარე თავის ქარხანაში, წერს Financial Times. ეს კონცერნის 88–წლიანი ისტორიის განმავლობაში პირველი შემთხვევაა, როდესაც იგი გერმანიაში საწარმოს დახურავს. 

Volkswagen–ის ხელმძღვანელმა თომას შეფერმა განაცხადა, რომ საწარმოს დახურვის შესახებ გადაწყვეტილება მარტივად არ მიუღიათ. „ეკონომიკური თვალსაზრისით ეს გარდაუვალი იყო“, – აღნიშნა მან.

ბოლო წლებში Volkswagen სერიოზულ პრობლემებს აწყდება ევროპისა და ჩინეთის ბაზრებზე მოთხოვნის შემცირების, ელექტრომობილების გაყიდვებში არსებული პრობლემების და ჩინური კომპანიების მხრიდან კონკურენციის ზრდის გამო. მიმდინარე წელს კი პრობლემების ჩამონათვალს აშშ–ის საიმპორტო გადასახადიც დაემატა. ავტომწარმოებელმა მიმდინარე წლის მესამე კვარტალი 1,1 მლრდ ევროს მოცულობის ზარალით დახურა, ხოლო აშშ–ის მიერ დამატებული საიმპორტო გადასახადის ჩათვლით კომპანიის ზარალმა 5 მილიარდ ევროს მიაღწია.