თბილისი (GBC) – აზერბაიჯანის აუდიოვიზუალური საბჭოს თავმჯდომარემ ისმეთ სატტაროვმა ბაქოში მიმდინარე შავი ზღვის მედიის მარეგულირებელი ორგანოების ფორუმზე დიდი მნიშვნელობა მიანიჭა შავი ზღვა–კასპიის რეგიონის ქვეყნების მედიებს შორის კავშირების გამყარებას. 

„ჩვენთვის დიდი პატივი და პასუხისმგებლობაა ამ ფორუმის ბაქოში ჩატარება – ქალაქში, რომელიც ქვეყნებს მდიდარი კულტურით, ისტორიით და ტრადიციებით აერთიანებს და ამავდროულად მნიშვნელოვან როლს ასრულებს თანამედროვე პოლიტიკაში“, – აღნიშნა სატტაროვმა.

ორმხრივ თანამშრომლობასთან დაკავშირებით მან აღნიშნა აზერბაიჯანის დაინტერესება, განავითაროს კავშირები ალბანეთთან, ბულგარეთთან და საქართველოსთან. „საქართველო არ არის მხოლოდ მეზობელი და სტრატეგიული პარტნიორი, ის არის ხიდი შავი ზღვის რეგიონში“, – აღნიშნა მან და მედიარეგულირების სფეროში თანამშრომლობის გაღრმავების ინიციატივით გამოვიდა.

ფორუმში რეგიონის ქვეყნებიდან მედიის მარეგულირებელი ორგანოების 30–მდე ხელმძღვანელი და უფლებამოსილი წარმომადგენელი მონაწილეობს, მათ შორის სერბეთიდან, რუმინეთიდან, საბერძნეთიდან, ალბანეთიდან, ბულგარეთიდან, თურქეთიდან, მოლდოვიდან, საქართველოდან და აზერბაიჯანიდან.