თბილისი (GBC) - III კვარტალში, გამოკითხულ კომპანიათა 27%-მა განაცხადა, რომ მათთან დასაქმებულთა რაოდენობა იზრდება. რაც შეეხება 2022 წლის IV კვარტლის მოლოდინს, გამოკითხული კომპანიების 31.8% ელის დასაქმებულთა რაოდენობის ზრდას.

BAG-ის კვლევის მიხედვით, სექტორებს შორის, 2022 წლის III კვარტლის მდგომარეობასა და 2022 წლის IV კვარტლის მოლოდინს დასაქმებულთა რაოდენობის შესახებ ყველაზე პოზიტიურად მშენებლობის სექტორში აფასებენ.  კერძოდ - მშენებლობის სექტორში გამოკითხული კომპანიებიდან არცერთი არ ელის დასაქმებულთა რაოდენობის შემცირებას. 50% ზრდას ელის, ხოლო 50% უცვლელად შენარჩუნებას.

დასაქმებულთა რაოდენობას ყველაზე ნეგატიურად მრეწველობის სექტორში აფასებენ. ამ სექტორში, სხვა სექტორებთან შედარებით, კომპანიათა ყველაზე დიდმა ნაწილმა დააფიქსირა დასაქმებულთა რაოდენობის შემცირება 2022 წლის III კვარტალში, ასევე, გამოკითხულ კომპანიათა 7% მოელის დასაქმებულთა რაოდენობის შემცირებას 2022 წლის IV კვარტალში. სექტორში დასაქმებულთა ზრდას მხოლოდ 27% ელის.

ვაჭრობის სექტორში დასაქმებულთა ზრდას 32% გეგმავს, შემცირებას 5%, დანარჩენი კი უცვლელად შენარჩუნებას.

მომსახურების სექტორშიც შემცირებას მხოლოდ 5% ელის - 30% ზრდას, ხოლო 65% უცვლელად შენარჩუნებას.

გაყიდვების მხრივ არსებულ სიტუაციას კი ყველაზე პოზიტიურად ვაჭრობის სექტორში აფასებენ. სექტორის გამოკითხული კომპანიების 73% ელის რომ გაყიდვები გაიზრდება. მომსახურების სექტორში გაყიდვების ზრდას 49% ელის, მრეწველობაში 67% ხოლო მშენებლობაში 55%.