თბილისი (GBC) – სურსათის ეროვნული სააგენტოს ვაქცინების 7 მილიონ ლარიან ტენდერს პრეტენდენტი ჰყავს.

ტენდერში წინადადებების მიღება 29 მაისს დასრულდა და შპს „სოლემარტი“ ერთადერთი კანდიდატია. ტენდერი ამჟამად შერჩევა/შეფასების ეტაპზეა.

ტენდერი გულისხმობს 1 მილიონი ერთეული პირუტყვის ვაქცინის შეძენას (თურქული).

პროდუქციის სპეციფიკაციის მიხედვით, ვაქცინა განკუთვნილი უნდა იყოს მცოხნავი ცხოველების საინექციოდ. დოზის ერთეულად აღებული უნდა იყოს მსხვილფეხა პირუტყვის საიმუნიზაციო დოზა. ასევე ზრდასრული მსხვილფეხა და წვრილფეხა პირუტყვის გეგმური ვაქცინაციის შემდგომ, იმუნიტეტის ხანგრძლივობა უნდა იყოს არანაკლებ 6 თვე.

ვაქცინის მოწოდება უნდა განხორციელდეს ორ ეტაპად:

პირველი ეტაპი - 400,000 დოზა ვაქცინის მიწოდება უნდა განახორციელდეს
ხელშეკრულების გაფორმებიდან 45 კალენდარულ დღეში ,

მეორე ეტაპი - 600,000 დოზა ვაქცინის მიწოდება უნდა განხორციელდეს პირველი
ეტაპის დასრულებისთვის განსაზღვრული დღიდან 30 კალენდარულ დღეში.

დოკუმენტაციის მიხედვით, მწარმოებელს უნდა გააჩნდეს კარგი საწარმოო პრაქტიკის (GMP) სტანდარტით წარმოების დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი.

შპს „სოლემარტი“  დაფუძნებულია 2011 წელს. ტენდერების მონიტორის მიხედვით კომპანიას 231 ტენდერში აქვს გამარჯვება მოპოვებული, მოგებული კონტრაქტების საერთო სავარაუდო ღირებულება 25.8 მლნ ლარს აღემატება.

კომპანიის 100%-ის მფლობელი ზურაბ ტუკვაძეა.