თბილისი (GBC) – 25 თებერვლიდან 10 აგვისტომდე პერიოდში, შემოსავლების სამსახურმა სულ გამოწერა 204 საქონლისა და სატრანსპორტო საშუალების აღრიცხვის მოწმობა, რითაც საქართველოს საზღვრიდან უკან გაბრუნდა რუსეთის ფედერაციისა და ბელარუსის დანიშნულებით მოძრავი ტვირთები. 

IDFI-ის მიერ ჩატარებული კვლევის მიხედვით,  ომის დაწყებიდან დაახლოებით 2 თვის განმავლობაში, საბაჟო კონტროლის დროს რუსეთის და ბელარუსის მიმართულებით სანქცირებული ტვირთის გადაადგილების იდენტიფიცირება არ მომხდარა.

სააღრიცხვო ბარათების მიხედვით, სანქცირებული ტვირთის (ან სანქცირებული პირის ტვირთი) გამომგზავნი ქვეყანა ყველაზე ხშირად იყო თურქეთი (39%) და სომხეთი (35%).

 204 აღრიცხვის ბარათიდან კი 50-ზე საქონლის კოდი მითითებული არ არის, ხოლო საქონელი, რომ სანქცირებულია სიტყვიერად მითითებულია 71 შემთხვევაში.

ამასთან, როგორც IDFI-ში განმარტავენ, 2022 წლის 29 ივლისს საქართველოს საბაჟო გამშვები პუნქტიდან, უკან გააბრუნეს რუსეთის დანიშნულებით გადაადგილებული სანქცირებული ტვირთი - დრონები.

 სააღრიცხვო ბარათების დამუშავებით მიღებული მონაცემების ანალიზი აჩვენებს, რომ ყველაზე ხშირად (56 შემთხვევა) უკან გაბრუნდა სეს-ის 84-ე ჯგუფს (დანადგარები და მექანიკური მოწყობილობები) მიკუთვნებული საქონელი. მათ შორის, იყო სანქცირებული ტვირთი თბოგადამცემები, რომელიც გამოიყენება სამოქალაქო ავიაციისთვის.  ყველაზე ხშირად უკან გაბრუნებულ ტვირთს  შორის არის აგრეთვე სატრანსპორტო საშუალებები და მათი ნაწილები (ჯგუფი 87). მიუხედავად ამისა, საქსტატის მონაცემებით, 2022 წლის 9 თვეში რუსეთში ავტომობილების ექსპორტი 268%-ით გაიზარდა.

 ცალკეული პასუხისმგებელი უწყებები არ ასაჯაროებენ რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული საერთაშორისო სანქციების აღსრულებასთან დაკავშირებულ ინფორმაციას. მაგალითად, საზღაო ტრანსპორტის სააგენტომ საერთოდ არ გასცა სანქციების ქვეშ მყოფი გემების საქართველოს ნავსადგურებში შემოსვლის მცდელობასთან დაკავშირებული ინფორმაცია. შემოსავლების სამსახურმა, საბაჟო საიდუმლოების მოტივით, სრულად დაფარა იმპორტიორის და ექსპორტიორის (იურიდიული პირების შემთხვევაშიც) შესახებ ინფორმაცია, ეროვნულმა ბანკმა ასევე კონფიდენციალურად მიიჩნია ფინანსურ ინსტიტუტებში გამოვლენილი საერთაშორისო სანქციების მოთხოვნებთან შეუსაბამობები.

“სამწუხაროდ, სანქციების აღსრულების მაკონტროლებელი უწყებების მიერ არ ხდება ინფორმაციის სათანადო ხელმისაწვდომობა, რაც მნიშვნელოვნად გაზრდიდა პროცესისადმი საერთაშორისო საზოგადოების ნდობის ხარისხს. მაგალითად, საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო არ უზრუნველყოფს იმ მინიმალური სტატისტიკური ინფორმაციის საჯაროობასაც, რაც დაკავშირებულია მათ მიერ განხორციელებულ აქტივობებთან.  
ასევე, მიმდინარე კვლევის ფარგლებში, სანქცირებული ტვირთის საბაჟო კონტროლთან დაკავშირებით ანალიზი წარმოდგენილია შემოსავლების სამსახურიდან მნიშვნელოვანი მონაცემების დაფარვით მიღებული დოკუმენტაციის მიხედვით. მონაცემების ანალიზი გარკვეულ კითხვებს აჩენს საწყის ეტაპზე სანქცირებულ საქონელზე საბაჟო კონტროლის ეფექტიანობასთან დაკავშირებითაც. მაგალითად, პირველი სანქცირებული ტვირთი საბაჟო კონტროლის შედეგად  უკან გაბრუნდა ომის დაწყებიდან ორი თვის გასვლის შემდეგ. 

ამასთან, ცალკეული შემთხვევებით, რომელიც დაკავშირებულია დრონების და სხვა მსგავსი პროდუქციის რუსეთში გადატანის მცდელობასთან, დასტურდება საქართველოს ტერიტორიის გამოყენებით ასეთი ტვირთების გადაზიდვის ინტერესი, რაც ზრდის შესაბამის რისკებს. კერძოდ,  მსგავსი პროდუქციის საქართველოს გავლით რუსეთში მოხვედრა მიაყენებს საქართველოს მნიშვნელოვან რეპუტაციულ ზიანს.  აქედან გამომდინარე, IDFI მიიჩნევს, რომ შესაბამისმა უწყებებმა, როგორც მინიმუმ, უნდა უზრუნველყონ რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული საერთაშორისო სანქციების რეჟიმის აღსრულების შესახებ დეტალური სტატისტიკური ინფორმაციის პროაქტიური ხელმისაწვდომობა”, - განმარტავენ IDFI-ში.