თბილისი (GBC) - რუსეთის მართლმადიდებლური ეკლესიის პატრიარქმა კირილემ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია II-ის გარდაცვალების გამო სამძიმრის წერილი გამოაქვეყნა. რუსეთის ეკლესიის წინამძღვარმა ილია II-ის მოღვაწეობას „ეპოქის აღმნიშვნელი“ უწოდა და ხაზი გაუსვა მათ მრავალწლიან „ნდობით აღსავსე“ ურთიერთობას.
პატრიარქმა კირილემ აღნიშნა, რომ ილია II-ის თითქმის ორმოცდაათწლიანი მმართველობა უმნიშვნელოვანესი პერიოდი იყო როგორც საქართველოს ეკლესიისთვის, ისე მთელი მართლმადიდებლური სამყაროსთვის.
სამძიმრის წერილში პატრიარქი კირილე განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს ილია II-ის კავშირს რუსულ სასულიერო განათლებას და ორ ეკლესიას შორის არსებულ ტრადიციულ ურთიერთობებს.
„მოსკოვის სასულიერო სასწავლებლებში განათლება მიღებულმა, სიცოცხლის ბოლომდე შეინარჩუნა სიყვარული წმინდა სერგეისა და მისი სავანის მიმართ. მას ჩვენი ხალხების სულიერი ერთობის შენარჩუნება აუცილებლობად მიაჩნდა“, - ნათქვამია განცხადებაში.
რუსეთის პატრიარქმა ასევე გაიხსენა საბჭოთა პერიოდი და აღნიშნა, რომ მათ შორის არსებული პირადი ნდობა ეხმარებოდათ „უღვთო ხელისუფლების“ მხრიდან ზეწოლის პირობებში ეკლესიების მდგომარეობის გაუმჯობესებაზე ერთობლივად ეზრუნათ.
პატრიარქი კირილე ილია II-ს ახასიათებს, როგორც „განსჯის უნიკალური ნიჭით“ დაჯილდოებულ ლიდერს, რომელმაც მაღალი ავტორიტეტი არა მხოლოდ საეკლესიო, არამედ საზოგადოებრივ ცხოვრებაშიც მოიპოვა.
„როგორც უამრავი ბავშვის ნათლია, ის ღვთისმოსავი ქართველი ხალხის ნამდვილი სულიერი მამა გახდა“, — აღნიშნავს რუსეთის ეკლესიის წინამძღვარი და დასძენს, რომ ილია II-მ, როგორც მართლმადიდებელ წინამძღვართა შორის უხუცესმა, მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა ეკლესიებში მშვიდობის შენარჩუნებაში.
შეგახსენებთ, რომ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II 93 წლის ასაკში გარდაიცვალა. მის გარდაცვალებასთან დაკავშირებით საქართველოში სახელმწიფო გლოვაა გამოცხადებული.