თბილისი (GBC) - საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია II-ის დაკრძალვის საორგანიზაციო საკითხებთან დაკავშირებით სამუშაო შეხვედრა გაიმართა. გადაწყვეტილების თანახმად, იქმნება სახელმწიფო კომისია, რომელიც უშუალოდ იმუშავებს დაკრძალვის პროცესის მომზადებაზე.

სამუშაო შეხვედრაში მონაწილეობდნენ საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე, პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი, პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი და თბილისის მერი კახა კალაძე. შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი მამუკა მდინარაძე, სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსი ანზორ ჩუბინიძე და მინისტრთა კაბინეტის წევრები.

როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, სახელმწიფო კომისია მჭიდროდ ითანამშრომლებს საპატრიარქოსთან. კერძოდ, საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლები უშუალოდ ჩაერთვებიან საპატრიარქოს კომისიის მუშაობაში, რათა კოორდინირებულად გადაწყდეს დაკრძალვასთან დაკავშირებული ყველა ტექნიკური და საორგანიზაციო საკითხი.

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის გარდაცვალების გამო ქვეყანაში გამოცხადებულია გლოვა. ოფიციალური ინფორმაციით, გლოვის დღეები გაგრძელდება პატრიარქის დაკრძალვის დღის ჩათვლით.

უწმინდესი და უნეტარესი ილია II, რომელიც იყო მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი, 93 წლის ასაკში გარდაიცვალა.