თბილისი (GBC) – ჩრდილოატლანტიკური ალიანსი საქართველოსგან საერთაშორისო სანქციების დაცვას ელოდება, რაც რუსეთს უკრაინის წინააღმდეგ აგრესიულ ომში შეუშლის ხელს. ამის შესახებ NATO-ს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა განაცხადა. 

„მნიშვნელოვანია, რომ საქართველომ დემოკრატიული პრინციპებით იხელმძღვანელოს, რისაც ჩვენ ყველას გვჯერა. NATO-ს არაწევრი ქვეყნებისგან სანქციების დაცვას ველით, რაც რუსეთს გაურთულებს უკრაინის წინააღმდეგ მისი დამპყრობლური ომის დაფინანსებას და ორგანიზებას“, – თქვა სტოლტენბერგმა.

გენმდივანმა აღნიშნა, რომ ალიანსი მრავალი წლის განმავლობაში უჭერს მხარს საქართველოს, 2008 წელს ხომ სწორედ საქართველოში შეიჭრა რუსეთი და ქვეყნის ტერიტორიის ნაწილის ოკუპაცია მოახდინეს.

ბრიუსელში ყოველწლიურ ფორუმზე დისკუსიების ფარგლებში სტოლტენბერგმა განაცხადა, რომ ისეთი ქვეყნები, როგორიცაა საქართველო, რუსეთის აგრესიის გამკლავებას ცდილობენ. სწორედ ამიტომ მივიღეთ მადრიდის სამიტზე ამ ქვეყნებისთვის დახმარების გაზრდის გადაწყვეტილება და საქართველო ამის ერთ–ერთი თვალსაჩინო მაგალითია.